Tesla-მ თავისი ელექტრო სატვირთო Semi-ის პირველი პარტიის მომხმარებლებისთვის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიამ ნევადაში, Sparks-ის ქარხანაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. Reuters წერს, რომ „Semi“-ის კონცეფციის წარდგენიდან თითქმის ცხრა წელი გავიდა.
Semi შორ მანძილზე ტვირთების გადასაზიდად არის შექმნილი და Tesla ამ მოდელით კომერციული სატვირთოების ბაზარზე შედის. კომპანია ნევადის ქარხანაში წლიურად 50 000 Semi-ის წარმოებას გეგმავს, თუმცა ავტომობილის ფასი და წარმოების კონკრეტული მოცულობა არ დაუსახელებია.
Semi-ის შორ მანძილზე გათვლილ ვერსიას ერთი დამუხტვით 500 მილის (დაახლოებით 805 კმ) გავლა შეუძლია, სტანდარტული ვერსიის სვლის მარაგი კი - 325 მილია.
ელექტრო სატვირთო Semi-ის ფასი Tesla-ს ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, მიმდინარე წლის მონაცემებით 500-მილიანი ვერსიის ფასი დაახლოებით $290 ათასია.
Tesla-მ Semi პირველად 2017 წელს წარადგინა და მისი წარმოება თავდაპირველად 2019 წელს უნდა დაწყებულიყო. შეზღუდული რაოდენობით მიწოდება, მათ შორის PepsiCo-სთვის, 2022 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო მასობრივი წარმოება 2026 წლისთვის გადაიდო.
მიუხედავად დაგვიანებისა, Tesla-მ ამ კვირაში 2 500 Semi-ის შეკვეთა მიიღო მსხვილი გადამზიდავი კომპანიების გაერთიანებისგან, რომელშიც Microsoft-ი და PepsiCo-ც შედიან. Reuters-ის ცნობით, ეს აშშ-ში არსებული ელექტრო Class 8 ტიპის სატვირთოების რაოდენობის თითქმის ორმაგია.