დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლებას აგრძელებს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.

ახალი ტექნიკა საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქის ზრდასთან ერთად დასუფთავების ხარისხის უზრუნველყოფისთვის თანამედროვე და გამართული ტექნიკის არსებობა აუცილებელია.

„მხოლოდ ადამიანური რესურსით ამის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა თანამედროვე, გამართული ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა 23 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა მიიღო. დამატებით შესყიდული 7 ერთეულიდან ორი უკვე თბილისშია, 5 „ფორდის“ მარკის სპეცტექნიკა კი 2027 წელს შემოვა. დამატებითი შესყიდვის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.