საჭის მექანიზმის შესაძლო დეფექტის გამო, Volkswagen-ისა და Audi-ს 2,86 მილიონამდე ავტომობილის გაწვევა იგეგმება. გერმანიის ფედერალური საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის (KBA) ინფორმაციით, გარკვეულ პირობებში საჭის მექანიზმის დამჭერი ჭანჭიკის კოროზიამ, შესაძლოა, მისი დაზიანება ან გატეხა გამოიწვიოს, რაც უკიდურეს შემთხვევაში საჭის მართვის დაკარგვისა და ავარიის რისკს ზრდის.

Euronews-ი წერს რომ, ამ დროისთვის KBA-ს ვებგვერდზე საკითხს „გამოძიების პროცესში“ სტატუსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ უწყებას შემთხვევასთან დაკავშირებით საბოლოო შეფასება ჯერ არ გაუკეთებია.

რა იწვევს პრობლემას?

Volkswagen-ისა და Audi-ს ინფორმაციით, გარკვეულ ავტომობილებში გზებზე ტექნიკური მარილისა და სხვა გარემო ფაქტორების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა საჭის მექანიზმის დამჭერი ჭანჭიკის კოროზია გამოიწვიოს. კოროზიის პროგრესირებამ შესაძლოა ჭანჭიკის დაზიანება გამოიწვიოს და, უკიდურეს შემთხვევაში, საჭის მექანიზმის მუშაობაზე იმოქმედოს.

გერმანიის ფედერალური საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის განცხადებით, ამ პრობლემასთან დაკავშირებული ისეთი ინციდენტების შესახებ, რასაც ავტომობილების დაზიანება ან ადამიანების დაშავება მოჰყვა, ამ ეტაპზე უწყებისთვის ცნობილი არ არის.

რომელ ავტომობილებს ეხება?

შესაძლო დეფექტის მქონე მოდელებს შორისაა: Audi Q3; Volkswagen Golf; Volkswagen Golf Variant; Volkswagen Tiguan; Volkswagen Touran; Volkswagen Caddy.

Audi Q3

Audi-მ უკვე გამოაცხადა Q3-ის „პრევენციული გაწვევის“ შესახებ. გაწვევა ეხება Audi Q3-ის ავტომობილებს, რომლებიც 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მაისამდე პერიოდშია წარმოებული და საჭის მექანიზმისა და წინა ღერძის დამხმარე ჩარჩოს კონკრეტული კომბინაციით არის აღჭურვილი.

Audi-ში აცხადებენ, რომ შიდა შემოწმებებმა აჩვენა, რომ გზის მარილისა და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედებამ შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში საჭის მექანიზმის დამჭერი ჭანჭიკის კოროზია გამოიწვიოს. კომპანიის ინფორმაციით, „პრევენციული გაწვევის“ ფარგლებში, სარემონტო სამუშაოს შესრულებას ერთ საათზე მეტი არ დასჭირდება და მომსახურება ავტომფლობელებისთვის უფასო იქნება.

საუბარია 696 000-ზე მეტ ავტომობილზე, მათ შორის 58 555-ზე გერმანიაშია.

Volkswagen-ის მოდელები

Volkswagen-ის შესაძლო პრობლემური ავტომობილები 2013 წლის 24 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდშია წარმოებული. საერთო ჯამში, გაწვევა შესაძლოა დაახლოებით 2,16 მილიონ Volkswagen-ის ავტომობილს შეეხოს. მათგან თითქმის 900 000 ავტომობილი გერმანიაშია.

რა უნდა გააკეთონ ავტომფლობელებმა?

ავტომფლობელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მანქანა შესაძლოა აღნიშნულ კამპანიაში მოხვდეს, შეუძლიათ მიმართონ Volkswagen-ის ან Audi-ს ავტორიზებულ სერვისცენტრებს და მიაწოდონ ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი — VIN. VIN-ის მიხედვით სერვისცენტრი შეძლებს გადაამოწმოს, ექვემდებარება თუ არა კონკრეტული ავტომობილი გაწვევას.

Volkswagen Group-ისთვის ეს პირველი მასშტაბური გაწვევა არ არის

ეს Volkswagen Group-ისთვის წელს პირველი მასშტაბური გაწვევა არ არის. მანამდე კომპანიამ მსგავსი კამპანია ელექტრომობილების ნაწილზეც განახორციელა — პრობლემა ზოგიერთი Volkswagen ID. სერიის ავტომობილის ბატარეებს უკავშირდებოდა. მაშინ გაწვევამ თითქმის 100 000 ელექტრომობილი მოიცვა.

თუმცა, აღნიშნული შემთხვევების მასშტაბი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2015 წელს, Volkswagen Group-ის დიზელის ავტომობილების ფართომასშტაბიან გაწვევას, ევროპის მასშტაბით დაახლოებით 8,5 მილიონ ავტომობილს შეეხო.