იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Procter & Gamble-ის წინააღმდეგ დაწყებული მოკვლევა დაასრულა. საქმე კომპანიის Braun Skin i-Expert-ის ეპილატორის რეკლამას ეხებოდა. ამის შესახებ Reuters წერს.
მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ რეკლამა მოწყობილობის შესაძლებლობებს გადაჭარბებულად წარმოაჩენდა და შეცდომაში შემყვანი იყო. კერძოდ, მომხმარებლებს ეუბნებოდნენ, რომ ეპილატორის გამოყენება „ორ წლამდე გლუვ კანს“ უზრუნველყოფდა.
P&G დათანხმდა, ეს დაპირება რეკლამებიდან ამოიღოს და პროდუქტის ეფექტის კონკრეტული ხანგრძლივობა აღარ მიუთითოს.
კომპანიამ ასევე გადაწყვიტა, კიდევ ექვსი თვით, 2026 წლის ბოლომდე, გააგრძელოს 100-დღიანი გარანტია, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში თანხის სრულად მიღება შეუძლია.
ამ საქმეზე P&G-ს ფულადი ჯარიმა არ დაკისრებია. კომპანიას, სანაცვლოდ, რეკლამის შეცვლა და პროდუქტის დაბრუნების 100-დღიანი გარანტიის წლის ბოლომდე გაგრძელება მოუწია.
მოკვლევა იტალიის მარეგულირებელმა თებერვალში დაიწყო. P&G-ის მიერ აღებული ვალდებულებების შემდეგ საქმე დაიხურა.