რუსეთში სამშენებლო კომპანიების გაკოტრების საქმეების რაოდენობა სამ თვეში 30%-ზე მეტით გაიზარდა – ივნისში არსებული 1 089 საქმიდან სექტემბრის დასაწყისისთვის 1 454-მდე. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 41%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ „კონტურ. ფოკუსის“ კვლევაშია ნათქვამი, რომლის მონაცემებიც მოსკოვურ გამოცემა „იზვესტიას“ მოჰყავს.
მონაცემებში ძირითადად საუბარია რეგიონულ დეველოპერებზე. მათ შორის გაკოტრებულად გამოცხადდნენ ყაზანის „სამშენებლო კომპანია აკ ბარსი“, ჩელიაბინსკის „ვიუსოტა“, სურგუტის „სალაირი“, პერმის „ზვეზდა-2013“, კრასნოიარსკის KDSK და ნოვოსიბირსკის „ავანგარდსტროი“.
დეველოპერები გაკოტრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მოთხოვნის შემცირებას და დაფინანსების მაღალ ღირებულებას ასახელებენ.
„როდესაც შეკვეთების საკმარისი რაოდენობა არ არის, სამშენებლო ორგანიზაციებს მიმდინარე ვალდებულებების შესრულება უჭირთ – გადასახადებისა და ხელფასების გადახდა, კრედიტების მომსახურება, წინასწარი დაფინანსების გარეშე კონტრაქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ა.შ.“, – განაცხადა ნოვოსიბირსკის ოლქის სამშენებლო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ ფედორჩენკომ.
მისი თქმით, სექტორში სამუშაოების მოცულობა მცირდება ეკონომიკაში საინვესტიციო აქტივობის მნიშვნელოვანი (10%-მდე) შემცირების, საბიუჯეტო მშენებლობის კლებისა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო. სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელზე მოთხოვნა 30-50%-ით და მეტად შემცირდა.
ფედორჩენკოს პროგნოზით, საბოლოოდ საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში გაშვების მოცულობაც დაახლოებით იმავე მასშტაბით შემცირდება.
სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ზრდა დაადასტურა „Intermark“-ის მმართველმა პარტნიორმა დმიტრი ხალინმაც. მან მიმდინარე პროცესს „არცთუ სასიამოვნო“ სიგნალი უწოდა და აღნიშნა, რომ მდგომარეობას მშენებლობის თვითღირებულების ინფლაციაზე სწრაფი ზრდაც ამძიმებს.
ხალინის თქმით, დამატებით ფაქტორად იქცა ობიექტების ჩაბარების დაგვიანებისთვის დაგროვილი ჯარიმებიც, რომელთა საერთო მოცულობამ უკვე 100 მილიარდ რუბლს ($1,8 მლრდ) მიაღწია.
კომპანია „მეტრიუმის“ კომერციულმა დირექტორმა დმიტრი პროსკურინმა გაკოტრებების მნიშვნელოვანი ზრდა „სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების ინდიკატორად“ შეაფასა.
მისი თქმით, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მათ შორის, უმსხვილეს დეველოპერ „სამიოლიოტსაც“, თუმცა, პროსკურინის ინფორმაციით, კომპანიის გაკოტრების საფრთხემ „პრაქტიკულად გადაიარა“.
სექტორში არსებულ პრობლემებს რუსეთის მშენებლობის სამინისტროშიც აღიარებენ. უწყების ხელმძღვანელმა ირეკ ფაიზულინმა ადრე განაცხადა, რომ რიგ რეგიონებში საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში გაშვების გეგმების შეუსრულებლობის რისკები არსებობს.
მათ შორის დასახელდა ამურის, ლიპეცკის, კურსკის, ორიოლის, ულიანოვსკისა და ტომსკის ოლქები, პეტერბურგი, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქი, ბაშკორტოსტანი და მორდოვეთი, ასევე ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილები.
ექსპერტები სამშენებლო ბაზარზე ზეწოლის გაგრძელებას ელოდებიან მანამ, სანამ დაკრედიტების ღირებულება მაღალი რჩება.
პროსკურინის შეფასებით, დეველოპერული აქტივობის შესამჩნევი აღდგენისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის ძირითადი განაკვეთი 10-11%-მდე უნდა შემცირდეს.
უძრავი ქონების ბაზრის პროფესიონალთა ასოციაცია REPA-ს თანადამფუძნებელი და GMK-ის დამფუძნებელი სერგეი რაზუვაევი მიიჩნევს, რომ არსებული პირობების შენარჩუნების შემთხვევაში პრობლემური კომპანიების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, ხოლო საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში გაშვების მოცულობა შემცირდება.