თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საქმე გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნების გამოყენებით ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის - უკანონო დამზადებისა და შენახვის საქმეს ეხება.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად უკანონო საქმიანობაში მონაწილეობდა. უწყების ცნობით, გოგიჩაიშვილმა ალკოჰოლის დასამზადებლად საჭირო პროდუქციის საქართველოში შემოტანაში დახმარებისთვის ხუნდაძეს მიმართა.
პროკურატურის განცხადებით, ხუნდაძე გოგიჩაიშვილს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების შესახებ მითითებებს აძლევდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოიტანეს ალკოჰოლის დასამზადებლად საჭირო ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვა პროდუქცია.
უწყების მტკიცებით, ხუნდაძემ უკანონო საქმიანობის შესახებ იცოდა, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს არ აცნობა.
ხუნდაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას ბრალი თავდაპირველად დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო 1 ნოემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იმ პერიოდში, ადვოკატის ინფორმაციით, ხუნდაძე სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. იგი საგამოძიებო ორგანოებს იანვარში ჩაბარდა.
ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით — სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით — ჰქონდა წარდგენილი.