„საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 2012-2025 წლებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ძირითადი კულტურების წარმოების, ისე აგროსასურსათო ექსპორტის მიმართულებით“ - ამის შესახებ საუბარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, საქსტატის მონაცემები მიუთითებს, რომ 2012-2025 წლებში ყურძნის წარმოება 144 ათასი ტონიდან 348.9 ათას ტონამდე გაიზარდა, თხილის წარმოება კი 24.7 ათასი ტონიდან 49.3 ათას ტონამდე. ზრდა დაფიქსირდა სხვა მრავალწლიან კულტურებშიც: კაკლის წარმოებამ 4.8 ათასიდან 7.8 ათას ტონამდე, ვაშლის წარმოებამ კი 45 ათასიდან 62.9 ათას ტონამდე მოიმატა.

„მნიშვნელოვანი ცვლილებებია მეცხოველეობის მიმართულებითაც. 2012-2025 წლებში კვერცხის წარმოება 474 მილიონიდან 692.9 მილიონ ცალამდე გაიზარდა, ღორის ხორცის წარმოება — 11.8 ათასიდან 32.8 ათას ტონამდე, ფრინველის ხორცის — 11.7 ათასიდან 25.6 ათას ტონამდე, ხოლო ძროხის ხორცის — 16.2 ათასიდან 24.2 ათას ტონამდე.

განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში. 2025 წელს დაახლოებით 340 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინის მწარმოებელთა რაოდენობაც — 2012 წელს დაახლოებით 40 რეგისტრირებული მწარმოებლიდან მათი რაოდენობა 2025 წლისთვის 500-მდე გაიზარდა.

გაფართოვდა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებიც. თუ 2012 წელს ქართული ღვინო დაახლოებით 40 ქვეყანაში, 65 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით იყო ექსპორტირებული, 2025 წელს ექსპორტის გეოგრაფია 71 ქვეყანამდე გაიზარდა, ხოლო ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია.

საექსპორტო პოტენციალი გაიზარდა თხილის მიმართულებითაც. 2025/2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან 18.5 ათასი ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, მათ შორის 12.5 ათასი ტონა ევროკავშირის ქვეყნებში. კაკლოვანი ხილის ექსპორტის ღირებულებამ ამ პერიოდში 188.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის ახალი საექსპორტო მიმართულებაა მოცვის წარმოებაც, რომელიც ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავენ სოფლის მეურნეობსი სამინისტროში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2012-2025 წლებში პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულება თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა და 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.