აზერბაიჯანი აზიიდან ევროპამდე ინტეგრირებული და დივერსიფიცირებული ელექტროქსელის შექმნას გეგმავს, რომლის განვითარების პარალელურადაც ქვეყანა საქართველოსთან, თურქეთსა და ევროპელ პარტნიორებთან მწვანე ენერგიის რეგიონული დერეფნების გაძლიერებაზე მუშაობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა 25 სექტემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (AIIF 2026) განაცხადა.
მინისტრის თქმით, ასეთი ქსელის შექმნა აზერბაიჯანს არა მხოლოდ მწვანე ენერგიის მწარმოებლისა და ექსპორტიორის, არამედ რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლსაც შესძენს, რომელიც სხვადასხვა რეგიონს შორის ელექტროენერგიის ნაკადების დაკავშირებას უზრუნველყოფს.
შაჰბაზოვის განცხადებით, ცენტრალური აზია-აზერბაიჯანის მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება 2027 წლის მაისშია მოსალოდნელი, ხოლო დერეფნის ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წელს იგეგმება.
მინისტრის განცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებისა და მისი საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.
ამ მიმართულებით აზერბაიჯანი სხვა რეგიონულ პროექტებზეც მუშაობს. მათ შორისაა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის მწვანე ენერგიის დერეფანი, რომლის მიზანიც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის რეგიონული ქსელების საშუალებით ევროპასთან დაკავშირებაა.
შაჰბაზოვის განცხადებით, შესაბამისი მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა ამ პროექტთან დაკავშირებით COP31-ის ფარგლებში, ნოემბერში, იგეგმება.
ამასთან, აზერბაიჯანი უზბეკეთსა და ყაზახეთთან ერთად ელექტროენერგეტიკული ქსელების ინტეგრირების შესაძლებლობასაც განიხილავს. ინიციატივა ცენტრალური აზიის ქვეყნებში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის ვაჭრობისა და მომავალში მისი ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებას უკავშირდება.