მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო რუსეთის „უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის“ (FIMI) სამიზნეები არიან. ევროპარლამენტის შეფასებით, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი ევროკავშირის დისკრედიტაცია და ევროინტეგრაციის მნიშვნელობის დაკნინებაა.
რუსეთის საინფორმაციო ჩარევა
ევროპარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია „ევროპის დემოკრატიის ფარის“ საგანგებო კომიტეტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე. დოკუმენტი ძირითადად რუსეთიდან, ასევე ირანიდან და ჩინეთიდან მომდინარე FIMI-ის საფრთხეებს ეხება.
საქართველო რეზოლუციაში ორჯერ არის ნახსენები და ორივე შემთხვევაში რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციის ერთ-ერთ გამოკვეთილ სამიზნედაა დასახელებული.
ევროპარლამენტის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა და ჩინეთის უფრო აქტიურმა გეოპოლიტიკურმა პოზიციამ გააძლიერა დეზინფორმაციის, ეკონომიკური იძულებისა და სტრატეგიული ზეწოლის გამოყენება არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და „გლობალური სამხრეთის“ მიმართ.
ევროპარლამენტი ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) მოუწოდებს, რუსეთის სამიზნე ქვეყნებთან თანამშრომლობა გააღრმაონ საინფორმაციო მედეგობის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ კანდიდატ ქვეყნებში არსებული კორუფცია, დამოუკიდებელი მედიის ნაკლებობა, ადამიანის უფლებების დაუცველობა და დემოკრატიული პროცესების სისუსტეები აკნინებს მოქალაქეების რწმენას ეროვნული და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რითაც იქმნება ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იყოს მესამე ქვეყნებისა და FIMI-ს აქტორების მიერ.
რამდენს ხარჯავს რუსეთი დეზინფორმაციაზე?
რეზოლუციის ავტორები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად რუსეთის წლიური ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროპარლამენტის შეფასებით, რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები მიზნად ისახავს პოლიტიკური სისტემებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევას და ფაქტებსა და ყალბ ინფორმაციას შორის ზღვრის წაშლას.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კანდიდატ ქვეყნებში კორუფცია, დამოუკიდებელი მედიის ნაკლებობა, ადამიანის უფლებების პრობლემები და დემოკრატიული პროცესების სისუსტე ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელებას.
რუსეთის მიერ უცხოელი ჟურნალისტების მომზადება
2026 წლის აგვისტოში „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ (ISW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც კრემლი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაწვრთნილი მედიის მუშაკების გლობალურ ქსელს ქმნის.
ISW-ის ცნობით, რუსეთი აფართოებს სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდა მედიაპროფესიონალებს უთმობს და ტრენინგებში სულ უფრო ხშირად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ინსტიტუტის შეფასებით, ეს კრემლის ნარატივებთან შესაბამისი კონტენტის წარმოების მასშტაბის გაზრდას ემსახურება.
ISW-ის ანგარიშში ასევე საუბარია 2026 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ტრენინგებზე. ანგარიშის მიხედვით, RT-ის სკოლამ სოხუმსა და გაგრაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მედიასაქმიანობაზე სემინარები ჩაატარა, ხოლო ივნისში SputnikPro-მ ცხინვალში Telegram-სა და კრემლის მიერ კონტროლირებულ აპლიკაცია MAX-ში არხების განვითარებაზე ტრენინგი გამართა.
ISW-ის შეფასებით, რუსეთის მიერ მომზადებული ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების საერთაშორისო ქსელი კრემლის საინფორმაციო გავლენის ინფრასტრუქტურის მდგრადობას ზრდის.
„კოგნიტიური ომი“
„მტრული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი ბერკეტები სახელმწიფოს აქვს, სტრატეგიულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების სახით“, — ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.
ამასთან, ექსპერტების დაკვირვებით, ბოლო წლებში საქართველოში ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად მმართველი ძალა იქცა. გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში „სპეციფიკური ვითარებაა“, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც რუსულ ნარატივებს უნდა ებრძოდნენ, მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში თავადაც იყენებენ მათ.
გოცირიძის განმარტებით, რუსეთი იყენებს საბჭოთა „რეფლექსური კონტროლისა“ და „აქტიური ღონისძიებების“ თანამედროვე ფორმას - ე.წ. „კოგნიტიურ ომს“. მისი თქმით, ამ გზით საზოგადოებაზე ზემოქმედება და ისეთი გარემოს შექმნა ხდება, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს.
მაგალითად, ძირითად ნარატივებს შორისაა ნეიტრალიტეტის იდეა, თითქოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას მოითხოვს, ომის ტრავმითა და შიშით მანიპულირება, დასავლური ინტეგრაციის დამუხრუჭება, რელიგიური ერთობის შესახებ ნარატივები, პროდასავლური პოლიტიკის ნაციზმთან გაიგივება და მიკრობიზნესის რუსულ ეკონომიკურ ნაკადებზე დამოკიდებულების გაზრდა.
გოცირიძის შეფასებით, ამ ნარატივების გასავრცელებლად რუსეთი სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, იყენებს და საბოლოო მიზანი საქართველოში დასავლური დემოკრატიის განვითარების შეფერხებაა.
უსაფრთხოების სპეციალისტი ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად ეკონომიკურ გავლენას ასახელებს. მისი განმარტებით, „კოგნიტიური ომის“ ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ გარე აქტორი ქვეყანაში ისეთ გარემოს ქმნის, სადაც გადაწყვეტილებები მისთვის სასარგებლო კონტექსტში მიიღება.
მაგალითად, თუ მცირე ბიზნესის შემოსავლების ზრდა პირდაპირ რუსულ ტურიზმზე ხდება დამოკიდებული, შესაძლოა, ამომრჩეველს რუსეთთან დაახლოების მიმართ მეტი დადებითი განწყობა გაუჩნდეს. ასევე, თუ საზოგადოებაში გავრცელდება მოსაზრება, რომ დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება მხოლოდ ტერიტორიულ დათმობას შეიძლება მოჰყვეს, ეს დასავლური განვითარების გზის მხარდაჭერაზე გავლენას მოახდენს.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნარატივები სხვადასხვა არხით ყოველდღიურად ვრცელდება და ზოგჯერ მათი წყარო სახელმწიფო ინსტიტუტებიც არიან. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთს აღარ სჭირდება თავად შექმნას მთელი საინფორმაციო კამპანია - მას მხოლოდ არსებული „ცეცხლის კორექტირება“ და მისთვის სასურველი მიმართულების მიცემა რჩება.
გოცირიძის თქმით, რუსეთის გავლენა საქართველოს მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტების მომზადებით არ შემოიფარგლება. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მსგავსი მიზნების მისაღწევად, მისი შეფასებით, გამოიყენება რუსული ტურისტული ნაკადები, ბიზნესისა და კრიმინალის შესაძლო გადაკვეთა, კულტურული ღონისძიებები და ექსკურსიები რუსეთში, საერთო წარსულით მანიპულირება და ისტორიული მოვლენების, მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატის, „გადამრჩენელი“ მნიშვნელობით წარმოჩენა.
„ამასობაში, ქვეყანაში დემოკრატიული, დასავლური დღის წესრიგის ნაცვლად ბიზნესის, პოლიტიკის, ცხოვრების რუსული წესი მყარდება, რაც თავისთავად გულისხმობს კრემლისთვის მისაღები გადაწყვეტილებების გაზრდილ ალბათობას“, - ამბობს გოცირიძე.
შეგახსენებთ, 21 სექტემბერს, ევროპარლამენტის ზემოთ ხსენებული რეზოლუციის ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის გარეშე უნდა მოხდეს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროპაგანდის გასაგონად, ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ — არანაირ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აქვე განვმარტოთ, ვინ ასახელებს ევროკავშირში, საქართველოს გაწევრიანების პირობად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობას? მოკლე პასუხია - არავინ.
მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ მიხედვით