ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაცია დასრულდა - ისტორიული კომპლექსის განახლება საქართველოს მიერ დაფინანსდა და განხორციელდა. ლევილის მამული საქართველოს მმართველობაში 2016 წელს გადავიდა. დაახლოებით 10-წლიანი სამუშაოების შემდეგ ტერიტორია სრულად განახლდა.
სამუშაოების დასრულებას ლევილში საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა.
ლევილში იმყოფება ირაკლი კობახიძეც.
მთავრობრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე კობახიძემ თქვა, რომ ლევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ისტორიული კავშირების სიმბოლოა და მისი განახლება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შექმნას შეუწყობს ხელს.
„ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა. მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში მამული შეიძინა და ეროვნული კერა დააფუძნა.
განახლებულ კომპლექსში მოეწყო პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მუზეუმი, ასევე ნოე ჟორდანიას სამუშაო კაბინეტი. მამულში ფუნქციონირებს ლევილის ქართული აკადემია და განთავსებულია საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.
განახლებულ პარკში გაშენდა ქართული ვენახი, მოეწყო ქვევრი და ტრადიციული ოდა. ლევილის მამული ამიერიდან მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად იმუშავებს.