თუ დასასვენებლად ქალაქს მისი „ბედნიერების“ მიხედვით არჩევთ, შესაძლოა, საუკეთესო ვარიანტი ლისაბონი იყოს - „ევრონიუსის“ ცნობით, პორტუგალიის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
რეიტინგი Holiday Happiness Index-მა შეადგინა, რომელიც პლატფორმა BookRetreats-ის კვლევას ეფუძნება. კვლევაში მსოფლიოს 47 ტურისტული მიმართულება შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მზიანი დღეების რაოდენობა, ფეხით გადაადგილების შესაძლებლობა, ფიზიკური აქტივობა, მწვანე სივრცეები, ჯანსაღი კვება, ძილის ხარისხი და ბუნებასთან სიახლოვე.
ლისაბონმა განსაკუთრებით კარგი შედეგი ჯანსაღი კვების მიმართულებით აჩვენა — ქალაქის რესტორნების თითქმის 10% ჯანსაღი კვების კატეგორიაშია, რაც კვლევაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ავტორების შეფასებით, ლისაბონი ამ მხრივ ისეთ ცნობილ გასტრონომიულ ქალაქებსაც უსწრებს, როგორებიცაა პარიზი, ტოკიო და ნიუ-იორკი.
ქალაქის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მწვანე სივრცეებია — ლისაბონში ერთ მცხოვრებზე დაახლოებით 49 კვადრატული მეტრი მწვანე სივრცე მოდის. ამასთან, ქალაქთან ახლოსაა სანაპიროებიც: კაშკაისისა და კოშტა-და-კაპარიკას პლაჟებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთ საათზე ნაკლებია საჭირო.
ლისაბონისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია მზის სინათლეც — ქალაქში წელიწადში დაახლოებით 2 828 საათი მზიანი ამინდია. მიუხედავად რელიეფის სირთულისა, ქალაქში ფეხით გადაადგილებაც შედარებით მარტივია და ტურისტებს უამრავი ხედისა და ბორცვზე განთავსებული პანორამული წერტილის მონახულება შეუძლიათ.
კვლევის მიხედვით, ლისაბონის ლიდერობა მხოლოდ ტურისტული ატრაქციონებით არ არის განპირობებული — ქალაქი იმ პირობების ერთობლიობით გამოირჩევა, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს.
რეიტინგის მეორე ადგილზე ჰელსინკია - ფინეთის დედაქალაქი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად არის აღიარებული და ამ რეიტინგის ლიდერებს შორის მოხვედრა მოსალოდნელიც იყო. კვლევაში განსაკუთრებით ხაზგასმულია ბუნების როლი ჰელსინკიში, რომელიც ქალაქის „მყუდრო ატმოსფეროს მთავარ ელემენტად“ არის მიჩნეული.
მესამე პოზიცია კი ორლანდომ დაიკავა — ქალაქში წელიწადში დაახლოებით 2 930 საათი მზიანი ამინდია, ასევე ბევრი პარკი და ტბაა. ორლანდოშია „დისნეი ლენდიც“.
ორლანდოს გარდა, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ტურისტული მიმართულებების ათეულში ყველა ქალაქი ევროპაში მდებარეობს. მეოთხე ადგილიდან რეიტინგში შემდეგ მოდიან ათენი, ედინბურგი, მადრიდი, ვენა, ბუდაპეშტი, ოსლო და ვილნიუსი, რომელიც პირველ ათეულს ასრულებს.