ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა ExxonMobil-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მდინარე მტკვრის აუზში არატრადიციული ნახშირწყალბადების- ფიქალის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის  ძიებასა და მოპოვებას ითვალისწინებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიებმა ამ მიზნით ერთობლივი საწარმო შექმნეს. შეთანხმება აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს დამტკიცებას საჭიროებს. მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში, ExxonMobil პროექტის მთავარი ოპერატორი იქნება.

კომპანიებს შორის კომერციულ, სამართლებრივ და სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმების მიღწევას აქტიურად უწყობდა ხელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც.

პროექტის ფარგლებში ExxonMobil აზერბაიჯანში ფიქალის რესურსების ათვისებისთვის ფრექინგის, ანუ ჰიდრავლიკური გახლეჩვის ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს. ამერიკული ენერგოკომპანია ცდილობს, აშშ-ის პერმის აუზსა და სხვა ფიქალის საბადოებზე დაგროვილი გამოცდილება ისეთ ქვეყნებში გამოიყენოს, სადაც მსგავსი გეოლოგიური პირობებია.

„ჩვენ გავაერთიანებთ SOCAR-ის ცოდნას აზერბაიჯანის შესახებ ExxonMobil-ის გლობალურ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებთან, რათა უკეთ გავიაზროთ აუზის პოტენციალი და ვეძებოთ შესაძლებლობები უსაფრთხო და ეფექტიანი დამუშავებისთვის“, - განაცხადა ExxonMobil-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარტ კეჰირმა.

ამასთან, აშშ-ის ფარგლებს გარეთ ფიქალის რესურსების მოპოვება განსხვავებულ სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოსთან არის დაკავშირებული, რაც პროექტების დაწყებამდე ხანგრძლივ მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ნებართვების მიღებას მოითხოვს.

ExxonMobil-ისთვის აზერბაიჯანის პროექტი აშშ-ში დაგროვილი ტექნოლოგიური გამოცდილების საერთაშორისო მასშტაბით გამოყენების შესაძლებლობას წარმოადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში აშშ-ის ფიქალის საბადოების განვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე  ქვეყანა ნედლი ნავთობის უმსხვილეს მწარმოებლად და თხევადი ბუნებრივი გაზის ერთ-ერთ წამყვან ექსპორტიორად ჩამოყალიბდა.