კომუნიკაციების კომისია TikTok-ის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა და არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
გულორდავას ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში კომისია სახელმწიფოსა და TikTok-ს შორის საკომუნიკაციო რგოლის ფუნქციას შეასრულებს, რაც პლატფორმასთან კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას შექმნის.
მისი თქმით, არასრულწლოვანთა დაცვა სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იმ პლატფორმების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოში ავტორიზებული არ არიან და მათზე კომისიის პირდაპირი მარეგულირებელი ბერკეტები შეზღუდულია.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, TikTok-ს საქართველოში 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან, კომისიის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან პლატფორმის მიმართულებით არცერთი საჩივარი ან პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა არ დაფიქსირებულა.
გულორდავას განცხადებით, სწორედ ამ ფონზე მნიშვნელოვანია კომუნიკაციის მექანიზმის შექმნა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს TikTok-თან საკითხების პირდაპირ განხილვის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ სოციალური ქსელების პლატფორმებთან თანამშრომლობა საკმარისი არ იქნება და პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართვაც იქნება საჭირო.
მისივე განმარტებით, შესაბამისი სამუშაოები შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციასაც მოიცავდეს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით ეფექტიანი მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს.