ავიაციის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სარეიტინგო პლატფორმა Skytrax-მა 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, შედეგები ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი.

300-ზე მეტი ავიაგადამზიდველის შეფასების შედეგად, რეიტინგის პირველი ადგილი Singapore Airlines-მა დაიკავა. მეორე პოზიციაზე Qatar Airways გავიდა, ხოლო საუკეთესო სამეულში Cathay Pacific მოხვდა.

რეიტინგის პირველ 20 პოზიციას შორის ექვსი ევროპული ავიაკომპანიაა წარმოდგენილი. მათ შორის არიან Turkish Airlines, Air France, Lufthansa, Iberia, Virgin Atlantic და Swiss International Air Lines.

ევროპულ გადამზიდველებს შორის ყველაზე მაღალი პოზიცია Turkish Airlines-ს აქვს, ის მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზე გავიდა.

Skytrax-ის სხვადასხვა კატეგორიაში ევროპულმა ავიაკომპანიებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოც მიიღეს. Turkish Airlines დასახელდა ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად, სამხრეთ ევროპის საუკეთესო გადამზიდველად და მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის კვების მიმწოდებლად.

Air France-მა დასავლეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული მოიპოვა. ფრანგულმა გადამზიდველმა ასევე გაიმარჯვა მსოფლიოს საუკეთესო პირველი კლასის, პირველი კლასის ლაუნჯის კვებისა და საუკეთესო კომფორტის ნაკრების კატეგორიებში.

Iberia ევროპაში საუკეთესო სამგზავრო მომსახურების მქონე ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო LOT Polish Airlines-მა ცენტრალური ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის ჯილდო მიიღო. ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად კი Vueling დასახელდა.

Qatar Airways-ისთვის 2026 წლის რეიტინგი პირველი ადგილის გარეშე დასრულდა. ავიაკომპანიას მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტული წარსულში ცხრა-ჯერ აქვს მოპოვებული. მიუხედავად ამისა, წელს Qatar Airways-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო, მათ შორის ზედიზედ მე-13-ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის მქონე ავიაკომპანია.

გარდა ამისა, Qatar Airways რეგიონში საუკეთესო გადამზიდველად დასახელდა და ახალი კატეგორიის - „მსოფლიოში საუკეთესო ბორტის Wi-Fi“-ის პირველი გამარჯვებული გახდა.

Skytrax-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების ოცეული:

  • Singapore Airlines
  • Qatar Airways
  • Cathay Pacific
  • ANA All Nippon Airways
  • Turkish Airlines
  • Emirates
  • Air France
  • Hainan Airlines
  • Japan Airlines
  • Korean Air
  • EVA Air
  • Qantas Airways
  • STARLUX Airlines
  • Lufthansa
  • Saudia Airlines
  • Iberia
  • Air Canada
  • Virgin Atlantic
  • Swiss International Air Lines
  • Etihad Airways