ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ოთხი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევა, თუმცა ისინი კვლავ ნელ პროგრესს განიცდიან და გაურკვეველი ვადები აქვთ – თუ, როდის შეიძლება მოხდეს ევროკავშირში მათი ოფიციალური მიღება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი დიდი ხანია, მხარს უჭერს მათ ბლოკში გაწევრიანების განაცხადებს, „საგზაო რუკები“ პირველად მისცემს ამ ქვეყნებს გარანტიას, რომ თუ ისინი აუცილებელი რეფორმების განხორციელებას გააგრძელებენ, მათ ევროკავშირში მიიღებენ. ასევე განსაზღვრავენ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო ვადებს.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, „საგზაო რუკები“ უფრო ნათლად განსაზღვრავს, თუ რას ელოდებიან თითოეული კანდიდატი ქვეყნისგან და ასევე დააწესებს ვალდებულებებს ევროკავშირის მოქმედი წევრებისთვის, რომლებიც უნდა დათანხმდნენ გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას. გეგმებში ასევე განსაზღვრული იქნება იმ რეფორმების ჯგუფების ოფიციალურად დასრულების სავარაუდო თარიღები, რომლებიც „მოლაპარაკებების კლასტერების“ სახელით არის ცნობილი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური გამოსვლისას, პირობა დადო, რომ მიზანმიმართულ მხარდაჭერას გაუწევდა იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებმაც „ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს“. თუმცა, როგორც ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, ამ ეტაპზე „საგზაო რუკები“ არ იქნება შეთავაზებული სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან – მაგალითად, კოსოვოსთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის. იგივე ეხება საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, რომელთა განაცხადების განხილვაც შეჩერებულია „დემოკრატიულ და სასამართლო სტანდარტებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო“.
ევროკომისიის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ახალი „საგზაო რუკები“ განსაზღვრავს გზას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებისკენ.
„ისინი შეიცავს პრიორიტეტების მკაფიო ჩამონათვალს – ვადებსა და კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც ყველაზე მეტი პროგრესის მქონე კანდიდატ ქვეყნებს აუცილებელი რეფორმების დასრულებაში დაეხმარება“, – განმარტა პრესსპიკერმა.
„პოლიტიკოს“ წერს, რომ აშშ-თან მსგავს პარტნიორებთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის, ჩინეთის მხრიდან მტრული მოქმედებებისა და რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების ფონზე, ევროკავშირის ლიდერები სულ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, რომლებიც თავისუფალ ვაჭრობას უჭერენ მხარს, განსაკუთრებით საკუთარ რეგიონში. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხანგრძლივობით, რადგან ამან შესაძლოა, პოტენციური ახალი წევრები იმედგაცრუებამდე მიიყვანოს ან ისინი იმ კონკურენტების ზეწოლის ქვეშ მოაქციოს, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს ნაბიჯი ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული გადახედვის პარალელურად ხორციელდება, რომელიც „გაფართოებისთვის მომზადებას“ ეხება.
ოფიციალური პირების აზრით, კანდიდატ ქვეყნებს უნდა შესთავაზონ ევროკავშირში „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ უკეთესი გზა – ისეთი მექანიზმი, რომელიც პროგრესის სანაცვლოდ ეკონომიკურ სარგებელსა და ერთობლივ პროექტებზე წვდომას გამოიყენებს. პოლიტიკის ეს გადახედვა, რომელსაც ფონ დერ ლაიენის ახლო მრჩეველი ალექსანდრ ადამი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ პირებს 6 ოქტომბერს უნდა წარედგინოს. მისი მიზანია, კანდიდატი ქვეყნები მათი გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვის პარალელურად, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე დარჩნენ.