ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის [აეროპორტის] მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში" - ეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Singapore Changi Airport-ის მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს, ისინი დაინტერესებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისთვის გამოაცხადებს.

„გვქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ამას გარდა, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ტრანსპორტისა და ინოვაციების მინისტრებთან.

„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.