"რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2019-2024 წლებში ქართულმა სამინისტროებმა ევროკავშირისგან სამოქალაქო სექტორთან შედარებით ათჯერ მეტი მხარდაჭერა მიიღეს.
„რეალურად არის ქვეყნები, რომელთა დახმარებაც ევროპულ ბიუროკრატიას შეუძლია, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა ქვეყანას დაეხმარო, ამ ქვეყნის ეკონომიკაში ფული უნდა ჩადო. ეს ნიშნავს ქვეყნის რეალურ გაძლიერებას.
ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი რესურსი ჩაიდო, 2009-2011 წლები იყო. ეს მოხდა ომის შემდგომ შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე. სხვა შემთხვევებში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საინფორმაციო ქარდს, თუმცა ეკონომიკაში არსებითი ფინანსური რესურსის ჩადება არ მომხდარა.
საქართველო მცირე ქვეყანაა. ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 38 მილიარდ დოლარს შეადგენს და წლების წინ გაცილებით ნაკლები იყო. საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას უზარმაზარი რესურსი არ სჭირდებოდა, ისევე როგორც მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება გადაჭარბებული თანხები“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მოლდოვისა და უკრაინის მაგალითებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილის მქონე ქვეყნებს პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარება სჭირდებათ.
„მოლდოვაში მძიმე, კრიზისული მდგომარეობაა და ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი ეკონომიკა ჯამურად შემცირდა. ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა 13.5 მილიარდი დოლარით გავზარდეთ.
იქ ხელისუფლებაში ის ძალაა, რომელიც ევროპულ ბიუროკრატიას მოსწონს, თუმცა მოლდოველ ხალხს რეალურად მაინც არ ეხმარებიან. ჩემი შეფასებით, ამის უკან მარტივი ლოგიკაა — ქვეყანა სუსტად უნდა გრძნობდეს თავს, რათა მისი დაქვემდებარება უფრო ადვილი იყოს.
ამ პოლიტიკის მსხვერპლია როგორც მოლდოვისა და უკრაინის მოსახლეობა, ისე ქართველი ხალხი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში არსებითი და თვისებრივი დახმარება არ მიუღია“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.