აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოში საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და ვიზის განმცხადებლების შემოწმების პროცედურების გაძლიერების ნაწილია. (Reuters)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი პროცედურების ფარგლებში საკონსულო თანამშრომლებისთვის „სიღრმისეული ტრენინგი“ ტარდება. ამის გამო, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში უკვე დაგეგმილი საიმიგრაციო ვიზების გასაუბრებების ნაწილი გადაიდო.
აპლიკანტებს, რომლებსაც ინტერვიუ უკვე დანიშნული ჰქონდათ, ელექტრონული ფოსტით აცნობეს შეხვედრების გაუქმების შესახებ. ახალი თარიღისა და დროის შესახებ მათ დამატებით შეატყობინებენ. ამ ეტაპზე სახელმწიფო დეპარტამენტს განაცხადების განხილვისა და ინტერვიუების განახლების ზუსტი ვადა არ დაუსახელებია. (Reuters)
უწყების განმარტებით, ახალი პროცედურების მიზანია თითოეული განმცხადებლის მდგომარეობის უფრო დეტალური და თანმიმდევრული შეფასება, მათ შორის იმის დადგენა, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ის მომავალში აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული გახდება. „Public charge“-ის კრიტერიუმი აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობაში უკვე მოქმედი მოთხოვნაა. (Travel.gov)
გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მიიღეს. რამდენიმე დღით ადრე ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების პოლიტიკა და დაადგინა, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაბამისი შეზღუდვის დაწესებისას უფლებამოსილებას გადააჭარბა. (aljazeera.com)