ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს.

ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

რეფორმის ფარგლებში, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას, ჯამში, 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი. ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება აქვთ.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტი. უკანონო ჭრების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა, რაც ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაზე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია რეგიონების მიხედვით სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია და გამჭვირვალე კონკურსში“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდებიან.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს