ასპინძის რაიონში სოფელი აწყვიტაში მდებარე Rati's ODA-ს დამფუძნებლის, რატი ივანიძის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში ტურისტული ობიექტი 90%-იანი დატვირთულობით მუშაობს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" რატი ივანიძე აღნიშნავს, სტუმრების უმრავლესობა ადგილობრივი ვიზიტორები არიან, ხოლო უცხოელი ტურისტების წილი მთლიანი ვიზიტორების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
მისივე ცნობით, უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გასტრონომიული მესხური ტურებია.
"მესხური ტრადიციული ოდა მაქვს, ეზოში კი აუზია. უცხოელი ვიზიტორები ძირითადად ესპანეთიდან და იტალიიდან ჩამოდიან. ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ადგილი ვარძიაა, რომელიც განსაკუთრებით უცხოელ ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულის სეზონი ტრადიციულად აქტიურია, წინასწარი ჯავშნები უკვე სექტემბერშიც გვაქვს. შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა, რასაც ობიექტის ცნობადობისა და პოპულარობის ზრდას ვუკავშირებ. უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა გასტრონომიული მესხური ტურები. კერძოდ, მესხური ტრადიციებით მომზადებული კერძებიდან სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ "რატის ოდის" საფირმო ხაჭაპური", - ამბობს ობიექტის დამფუძნებელი.
რატი ივანიძე სამომავლო გეგმების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში გაფართოებას, კერძოდ კოტეჯების დამატებას აპირებს.
"რამდენიმე კოტეჯის დამატება მინდა. ამ მიზნით განაცხადის შეტანას პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ პროექტის დაფინანსებას მივიღებ. ერთი კოტეჯის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით ₾45 000 იქნება. ამასთან, რეგიონში გარკვეული გამოწვევებიც არსებობს. მაგალითად, სოფელი გაზიფიცირებული არ არის. ცენტრალური გზა გვაქვს, ხოლო გარე განათების მოწყობა დაპროექტებულია, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ასევე, პრობლემად რჩება სასმელი წყლის საკითხი", - აცხადებს ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი Rati's ODA ვარძიამდე 20 კმ-ში მდებარეობს და ჯამში 9 ნომრისგან შედგება. ადგილობრივ ბაზარზე კი მესამე წელია ოპერირებს.