რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას,რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები არ მიიღო.

საუბარია შემთხვევებზე, როდესაც მფლობელმა „არაეფექტიანად განახორციელა ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ მიმართული იყო“ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის საფრთხის აღკვეთისკენ, ან დაზიანებული ობიექტი დროულად ვერ აღადგინა — ან საერთოდ არ აღადგინა.

განკარგულება ობიექტების ფართო ჩამონათვალს მოიცავს: სამრეწველო საწარმოებს, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას; კომუნალურ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო საწარმოებს, ასევე „კრიტიკულად მნიშვნელოვან“ და „პოტენციურად საშიშ“ ობიექტებს.

გარე მმართველობა პრეზიდენტის დავალებით მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგება და შეიძლება გავრცელდეს როგორც საკუთრების უშუალო ობიექტებზე, ისე კომპანიის აქციებსა და წილებზე.

ბოლო თვეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ობიექტებზე უპილოტოებით თავდასხმები გაააქტიურეს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მარკეტპლეისების საწყობებზე. ყველა ასეთ ობიექტს დრონებისგან თავდაცვის საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა.