ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ჯამში 12 222 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი ქონებების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
საქმე ეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და თანმხლები ინფრასტრუქტურის მშენებლობას. პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად არის განსაზღვრული.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული დერეფანი ძირითადად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაივლის, მცირე ნაწილი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიას მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი საავტომობილო გზისა და ერთლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მოწყობას, რომლებიც საერთო დერეფანში განთავსდება.
მინისტრის ბრძანების თანახმად, მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
კერძოდ, ექსპროპრიაციას ექვემდებარება:
- სოფელ დარჩელში ბექა გვილავას, რაული გვილავას და სოფიო ჭითანავას საკუთრებაში არსებული 605 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
- სოფელ ანაკლიაში ნონა ყორშიას საკუთრებაში არსებული 1 546 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სრულად;
- სოფელ დარჩელში ზვიად ხარჩილავას საკუთრებაში არსებული 64 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
- სოფელ კიროვში ინგა აბსანძის საკუთრებაში არსებული 10 007 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სრულად.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, მდინარე ენგურის სამხრეთით მდებარეობს. პორტი საკონტეინერო, მშრალი და თხევადი ტვირთების მომსახურებისთვის არის გათვლილი.
მინისტრის ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოქვეყნებიდან ან ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.