აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.
მანჰეტენის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჯენეტ ვარგასმა დაადგინა, რომ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ შემოღებული პოლიტიკა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.
შეზღუდვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში დააწესა. გადაწყვეტილების შედეგად, მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 40%-ის მოქალაქეებისთვის აშშ-ში მუდმივი ცხოვრების მიზნით საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა.
შეზღუდულ ქვეყნებს შორის, საქართველოს გარდა, იყვნენ რუსეთი, ბრაზილია, კოლუმბია, ეგვიპტე, ჰაიტი, სომალი და სხვა სახელმწიფოები.
ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკას იმ არგუმენტით ამართლებდა, რომ შეზღუდვა ხელს შეუშლიდა აშშ-ში ისეთი პირების შესვლას, რომლებიც მომავალში სახელმწიფო დახმარებებსა და სოციალურ შეღავათებზე დამოკიდებულნი გახდებოდნენ.
მოსამართლე ვარგასმა ეს არგუმენტი არ გაიზიარა. მისი შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობა საკონსულო მოხელეებს ავალდებულებს, ვიზის თითოეული განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა ინდივიდუალურად შეაფასონ.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს განმცხადებლის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემოსავალი, კვალიფიკაცია და ოჯახური გარემოებები.
სასამართლომ ასევე გააუქმა ის სავიზო უარები, რომლებიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა. მოსამართლის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივა საკონსულოს თანამშრომლებს ფაქტობრივად ავალდებულებდა, უარი ეთქვათ განაცხადებზე განმცხადებლის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის გამო — მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირს დამატებითი მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ აშშ-ში სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული არ გახდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებს ეხება, რომლებიც აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლებას იძლევა. შეზღუდვა არ ვრცელდებოდა არასაიმიგრაციო ვიზებზე, მათ შორის ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებზე.
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია მხოლოდ ერთ საკითხში გაიზიარა და დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიტიკა არ წარმოადგენდა ისეთ ოფიციალურ რეგულაციას, რომლის ამოქმედებამდეც საჯარო განხილვის ჩატარება იყო აუცილებელი.
მოსამართლე ვარგასმა მხარეებს დარჩენილი საკითხების გადაწყვეტის გზების წარსადგენად 11 სექტემბრამდე ვადა მისცა. ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული სია ძირითადად არაევროპულ სახელმწიფოებს მოიცავდა. მათ შორის იყვნენ კარიბის ზღვის რეგიონის, სუბსაჰარული აფრიკის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სია ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს მონაცემებს ეფუძნებოდა. სიაში მოხვდნენ ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში ჩასული იმიგრანტების ოჯახების 30%-ზე მეტი სახელმწიფო დახმარებას იღებდა.