გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვეგანური დიეტის ერთი თვე საკმარისია ბიოლოგიური დაბერების შესანელებლად.

აღმოჩნდა, რომ ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმა სულ რაღაც ოთხი კვირის შემდეგ იწვევს ცვლილებებს იმ გენების ფუნქციონირებაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტაბოლიზმზე, იმუნიტეტსა და ორგანიზმის დაბერებაზე.

როგორ მუშაობს ის? არსებობს სპეციალური მარკერები — ე.წ. ქიმიური დნმ-ის ტეგები — რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნიტეტზე, მეტაბოლიზმზე, უჯრედების ზრდასა და განახლებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი დნმ შეიძლება შევადაროთ წიგნს, რომელიც შეიცავს სხეულისთვის საჭირო ყველა ინსტრუქციას. მის გვერდებზე იგივე ქიმიური ეტიკეტებია - ისინი უჯრედებს ეუბნებიან, რომელი ინსტრუქციები გამოიყენონ უფრო ხშირად, ვიდრე სხვები.

მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ ამ მარკერებზე გავლენას ახდენს ასაკი, სტრესი, ძილი და ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცხოველური პროდუქტების თავიდან აცილება განსაკუთრებით სწრაფ გავლენას ახდენს უჯრედების განახლებაზე.

ფრაიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში 48 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ვეგანურ დიეტაზე გადავიდა, მეორე კი ხორცის მაღალი შემცველობის დიეტაზე. ერთი თვის შემდეგ, მეცნიერებმა დნმ-ის 812 000-ზე მეტი სექცია შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ვეგანური ჯგუფის მონაწილეებს იმუნიტეტის, მეტაბოლიზმისა და უჯრედების განახლების პასუხისმგებელი გენების აქტივობა მომატებული ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტში თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ გენეტიკურ პროფილს გადამწყვეტი როლი ჰქონდა, სწორედ დიეტამ იმოქმედა მნიშვნელოვნად ბიოლოგიურ დაბერების პროცესზე. ვეგანურ ჯგუფში ბიოლოგიური დაბერება, რომელიც ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და დაავადების რისკის მიხედვით შეფასდა, თითქმის ორი წლით შენელდა, ხოლო „ხორცის“ ჯგუფში, პირიქით, ექვსი თვით დაჩქარდა.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ენ-კატრინ ლედერერმა განაცხადა, გენები ორგანიზმის მდგომარეობას ერთხელ და სამუდამოდ არ განსაზღვრავს - მას შეუძლია დიეტის ცვლილებაზე რეაგირება სულ რამდენიმე კვირაში მოახდინოს.

წყარო: euro-pulse