თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ ყველა საგზაო მონაწილისთვის ადაპტირებული და კომფორტული გახდება.
კერძოდ, რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ახალი მულტიმოდალური დიზაინით მოეწყობა და თანაბრად იქნება ადაპტირებული ქვეითებისთვის, ველოსიპედით მოსარგებლეებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მგზავრებისთვის.
პროექტის ფარგლებში, გაიზრდება ქვეითებისთვის ხელმისაწვდომობა, გამარტივდება ქუჩის გადაკვეთა და განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა ცენტრალური გამზირი მხოლოდ ავტომობილებზე ორიენტირებული აღარ იყოს.
რეაბილიტაცია ასევე მოიცავს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებსაც. განახლდება ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩები, ასევე მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 23 ივლისს, 00:00 საათიდან იწყებს. ამ დროიდან რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.






