ევროპის რეგიონის მოსახლეობისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი საფრთხეა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ.

„ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ფილტვის კიბოსა და სხვა მძიმე პათოლოგიების განვითარებას.

საქართველოში, წვრილი შეწონილი ნაწილაკების (PM2.5) ზემოქმედება ყოველწლიურად ათასობით ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი ხდება და ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა გავრცელებას,“ - აღნიშნავენ წარმომადგენლობაში და აცხადებენ, რომ  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ჰაერის ხარისხი მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობისთვის“, ფარგლებში ახლახან ჩატარებულმა ქცევითი და კულტურული თავისებურებების კვლევამ (BCI) აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით საზოგადოების შეშფოთებასა და საკუთარი თავის დასაცავად მიღებულ ზომებს შორის დიდი აცდენაა.

„კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საიმედო წყაროდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევიან, თუმცა, მათ ხშირად არ მიმართავენ. თავად სამედიცინო სფეროს მუშაკები კი აღნიშნავენ, რომ ყოველთვის არ გააჩნიათ უახლესი, პრაქტიკული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რესურსები პაციენტებისთვის უკეთესი რჩევების მისაცემად,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ საჭიროების გათვალისწინებით, WHO საქართველოს ოფისმა რისკების კომუნიკაციის შეხვედრა ჩაატარა, სადაც ჯანდაცვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სამედიცინო ასოციაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება, რათა პაციენტებს მიაწოდონ მკაფიო და პრაქტიკული რჩევები ჰაერის დაბინძურების მავნე ზეგავლენის შესახებ.