ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენერალურ გეგმაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა პორტის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ნიდერლანდებში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam-ს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, სამომავლო ნაბიჯები, პოტენციური საინფორმაციო დანაკლისები და ძირითადი რისკები.
„დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც ჩვენს კონსულტანტთან, რომელიც მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის განახლებაზე, ასევე იმ კომპანიასთან, რომელმაც მოამზადა ის დეტალური დიზაინი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში იმისათვის, რომ აშენდეს შესაბამისი ტალღმჭრელი და დაღრმავდეს სიღრმე 18 მეტრამდე.
გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, თუ როგორ უნდა განახლდეს არსებული გენგეგმა იმისათვის, რომ ეფექტიანად იყოს გამოყენებული, სრულად ათვისებული ის ტერიტორია, რომელიც გამოყოფილია ანაკლიის ნავსადგურისთვის და შესაბამისად დაიგეგმოს იმ პარამეტრებით, რომ იყოს წარმატებული და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა და დაამატა, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ გენგეგმასთან, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის“.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოშია. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შეცვლილი მოდელით გეგმავს. ახალი მიდგომის მიხედვით, პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურა კერძო ინვესტორის ნაცვლად სახელმწიფომ უნდა ააშენოს. ამისთვის საერთაშორისო დონორებისგან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საჭირო.
ნავმისადგომების მშენებლობის დასრულების შემდეგ სახელმწიფო საპორტო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ნაწილის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას კერძო ლოგისტიკური კომპანიებისთვის გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ კერძო ოპერატორები სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაახლოებით 350-დან 400 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ.
აქამდე განხილული მოდელით, პორტის 51%-იანი წილი სახელმწიფოს, ხოლო 49% ჩინურ კომპანია CCCC-ს უნდა ეკუთვნოდა. შეცვლილი კონცეფციის მიხედვით კი, პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. პროექტში ერთი სტრატეგიული ინვესტორის ნაცვლად რამდენიმე კერძო კომპანია ჩაერთვება, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ და შესაბამის ტერმინალებს თავად მოაწყობენ.
ანაკლიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარე ეტაპი მოიცავს ზღვის ფსკერის დაღრმავებას, სანაპირო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დამცავი ტალღმტეხელის მშენებლობას. სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ასრულებს, რომელთანაც გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონი დოლარია.
ახალი მოდელით სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს პორტის საბაზისო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, კერძო სექტორს კი ტერმინალების განვითარებისა და ოპერირების შესაძლებლობას სთავაზობს. ამ მიდგომის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვაზე, კერძო ოპერატორების ინტერესსა და პროექტის მომდევნო ეტაპების დროულ განხორციელებაზე.