გერმანულმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა Porsche-მ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა ინდოეთის უმსხვილეს IT სერვისების კომპანია Tata Consultancy Services (TCS)-თან, რომელიც Tata Group-ში შედის, – კომპანიებმა ამის შესახებ საკუთარ ვებსაიტებზე განაცხადეს.

საუბარია ხელოვნური ინტელექტის სფეროში ხუთწლიან, 1.25 მილიარდი ევროს (1.46 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების კონტრაქტზე. შეთანხმების ფარგლებში, TCS, თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით, შეიძენს MHP Management- und IT-Beratung GmbH (MHP)-ის – Porsche-ს გერმანული მენეჯმენტისა და IT კონსულტაციის შვილობილი კომპანიის 100%-იან წილს.

დაგეგმილი პარტნიორობა და MHP-ის შეძენა ჯერ კიდევ მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ექვემდებარება.

Porsche-ს განცხადებით, პარტნიორობა გააერთიანებს გერმანელი მწარმოებლის საავტომობილო ექსპერტიზას TCS-ის ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან. Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორის, მიხაელ ლაიტერსის თქმით, ეს კომპანიას დაეხმარება ინოვაციების, ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ისეთ სამყაროში, სადაც მობილურობა სულ უფრო მეტად დამოკიდებულია მონაცემებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

შეთანხმება ძალაში შევა TCS-ის მიერ MHP-ის შეძენის დასრულების შემდეგ. ინდური კომპანია გეგმავს შეძენილი ერთეულის გამოყენებას Porsche-ში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური დანერგვისთვის.

ვრცლად liga.net – ზე