მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ფიუჩერსების ღირებულებამ თითქმის სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ზრდას რუსეთისა და უკრაინის მხრიდან შავი და აზოვის ზღვის პორტებზე, ასევე ერთმანეთის სავაჭრო გემებზე გახშირებული თავდასხმები და შედეგად ექსპორტის შეფერხების მოლოდინი განაპირობებს, წერს Financial Times.

გამოცემის შეფასებით, ბაზარზე შექმნილი ვითარება ხორბლისთვის იმავე მასშტაბის რისკს წარმოადგენს, რასაც ჰორმუზის სრუტის შესაძლო შეფერხება ნავთობის ბაზრისთვის. ვითარების გახანგრძლივების შემთხვევაში, გლობალურ ბაზარზე გავლენა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, უკრაინა კი მეხუთე ადგილზეა. ორივე ქვეყანა ერთად გლობალური ხორბლის ვაჭრობის დაახლოებით 30%-ს უზრუნველყოფს.

Oxford Economics-ის შეფასებით, აზოვისა და შავი ზღვის აუზში რუსეთისა და უკრაინის პორტების მუშაობის შეფერხებამ შესაძლოა წელს მსოფლიო ხორბლის ექსპორტი 86 მილიონი ტონით შეამციროს. ეს გლობალური ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 17%-ია.

მათივე მონაცემებით, აღნიშნული მოცულობიდან დაახლოებით 52 მილიონი ტონა რუსულ, ხოლო 34 მილიონი ტონა უკრაინულ ექსპორტზე მოდის.

უკრაინისთვის ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების, მათ შორის რკინიგზისა და დუნაის არხის, გამოყენებით დამატებით მხოლოდ დაახლოებით 17 მილიონი ტონა ხორბლის გატანაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებებზე დამატებითი გამტარუნარიანობა იქნება ხელმისაწვდომი.

ხორბლის გაძვირება, თავის მხრივ, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების ზრდის რისკსაც აძლიერებს.

Oxford Economics-ის ექსპერტების პროგნოზით, მსოფლიოში სურსათის ფასები მიმდინარე წელს 11.8%-ით გაიზრდება.

მოამზადა გოგიტა სურამელაშვილმა