საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.

როტერდამის საზღვაო ნავსადგური, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წარმატებული პორტი, რომელიც სწორედ „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული მოდელით აპირებს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას.

"ქართული მხარე ადგილზე გაეცნო პორტის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაციას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან გადაადგილებას.

როტერდამში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო საინჟინრო-საპროექტო კომპანია Royal HaskoningDHV-ის სათავო ოფისში. კომპანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტის ავტორია, რომლის საფუძველზეც სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრაზე სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა, პროექტის შემდეგი საინჟინრო ეტაპები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა Port of Rotterdam Consultants (PCR)-თან, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობს. ყურადღება გამახვილდა გენერალური გეგმის მომზადების პროცესზე, ტერმინალების ოპტიმალურ განლაგებაზე, მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სარკინიგზო და საპორტო სისტემების ინტეგრაციაზე, ტვირთნაკადების პროგნოზირებასა და ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განვითარების ეტაპობრივ მოდელზე",- აღნიშნულია პრესრელიზში.

თამარ იოსელიანის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიმყოფებოდით როტერდამის ნავსადგურში, სადაც გავეცანით როგორც აღნიშნული პორტის ოპერირებას, ასევე მულტიმოდალურ ტერმინალს, სადაც ბევრი ტიპის ტვირთების გადმოტვირთვა და ჩატვირთვა ხდება. გავეცანით, თუ როგორ ოპერირებს აღნიშნული ტერმინალები, როგორია მათი ეფექტიანობა, რა სისტემებია დანერგილი. დღეის მდგომარეობით ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე. გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბაზრის და ქვეყნების სავაჭრო ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს და ინფრასტრუქტურას კერძო ოპერატორებზე გააქირავებს. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით გეგმავს. ახალი სქემის მიხედვით, პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურა სახელმწიფომ უნდა ააშენოს, ხოლო ნავმისადგომები და ტერმინალები კერძო ლოგისტიკურ კომპანიებს გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა.

პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს საერთაშორისო დონორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისგან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება დასჭირდება.

პორტის ძირითადი ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ კერძო ოპერატორები ცალკეული ნავმისადგომების მართვასა და სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იქნებიან პასუხისმგებელი. ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, კერძო კომპანიების ჯამურმა ინვესტიციამ შესაძლოა 350-400 მილიონი დოლარი შეადგინოს.

ახალი მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება პროექტის თავდაპირველი სქემისგან. აქამდე იგეგმებოდა, რომ სახელმწიფოს პორტის 51%-იანი წილი ექნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი პროექტში 49%-ით შევიდოდა.

განახლებული მიდგომის მიხედვით, ანაკლიის პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. ამასთან, პროექტში ერთი კონკრეტული სტრატეგიული ინვესტორის ნაცვლად რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია იმუშავებს. თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომს ან ტერმინალს გრძელვადიანი იჯარით აიღებს.

მთავრობა ვარაუდობს, რომ ასეთი მოდელი პორტში კონკურენციას გაზრდის, სხვადასხვა ტიპის ტვირთის მომსახურებას გააფართოებს და სახელმწიფოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე სრული საკუთრების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.