საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესების დადებით სიგნალად აფასებს.
კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მის მიერ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას წერილით გამოეხმაურა.
ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის საელჩოში ჩემს მისვლას, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდებოდა, პრეზიდენტი ტრამპი ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, აშშ-სთან ურთიერთობები სრულად გადაიტვირთოს და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის საფუძველზე, „სუფთა ფურცლიდან“ აღდგეს.
მისი შეფასებით, მსგავსი გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.
„ჩვენი სურვილია, მთლიანად გადავტვირთოთ ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და ეს კონკრეტული გზამკვლევის საფუძველზე გავაკეთოთ. მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.