2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში უცხოელთა აღრიცხვისა და მათი სამართლებრივი სტატუსის მონიტორინგისთვის ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში უკვე შევიდა.

საკანონმდებლო ცვლილებები ორი ძირითადი კომპონენტის შექმნას ითვალისწინებს — უცხოელთა ერთიან რეესტრსა და უცხოელების შესახებ მონაცემთა ერთიან ბაზას.

კანონის თანახმად, უცხოელთა რეესტრის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად განისაზღვრება მონაცემთა ბაზის წარმოების, მასში დაცული ინფორმაციის, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემების, დამუშავებისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაზიარების პროცედურები.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შექმნის ცალკე მონაცემთა ბაზას იმ უცხოელების შესახებ, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ბაზაში დაცული ინფორმაცია და დოკუმენტაცია საჯარო არ იქნება, ხოლო მისი შექმნის, ადმინისტრირებისა და მონაცემთა გაცვლის წესებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.

უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნის აუცილებლობაზე გასულ თვეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემაც ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალი სისტემა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, სრულყოფილად აღრიცხოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა, რეგისტრაცია და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა, რაც, მისივე შეფასებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ეფექტიანობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.