თურქეთის ქალაქ ანტალიაში ოთხშაბათს ტემპერატურამ მზეზე შესაძლოა 52 გრადუსს მიაღწიოს. მეტეოროლოგმა იჰსან იურტაშმა განაცხადა, რომ მომდევნო 48 საათი ყველაზე საშიში იქნება ექსტრემალური სიცხისა და ტყის ხანძრების მაღალი ალბათობის გამო.
იურტაშის თქმით, ჩრდილში ჰაერის ტემპერატურა 40-დან 44 გრადუსამდე იქნება, რაც წელიწადის ამ დროისთვის კლიმატურ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალია.
მეტეოროლოგმა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს ურჩია, თავი აარიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას და გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ღია ცეცხლის გამოყენებისას, რადგან ამინდის პირობები ხელს უწყობს ხანძრების სწრაფ გაჩენას და გავრცელებას.
ივნისის ბოლოდან თურქეთი გახანგრძლივებულ სიცხეს განიცდის. ბოლო კვირების განმავლობაში, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის იზმირში, ბილეჯიქში, საკარიაში, ბურსაში, ესკიშეჰირსა და ანტალიაში, დიდი ტყის ხანძრები გაჩნდა.