ბაკურიანში ახალი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კურორტზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა, რომ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ახალი სათავე ნაგებობა პრაქტიკულად დასრულებულია.
მინისტრის თქმით, მიმდინარე პროექტები ბაკურიანისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს და დასრულების შემდეგ კურორტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა ექნება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ახალი სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საფილტრი და სატუმბი სადგურების, მაგისტრალური მილსადენების, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობასა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს.
ამ ეტაპზე სოფელ ტიმოთესუბნის მიმდებარედ დასრულების ფაზაშია ახალი სათავე ნაგებობისა და საფილტრი სადგურის მშენებლობა. უკვე მოწყობილია ორი, თითოეული 3 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი და სრულად აშენებულია დაახლოებით 4.8-კილომეტრიანი მაგისტრალური მილსადენი. აღნიშნული პროექტის შესრულების მაჩვენებელი 68%-ს აღწევს.
პარალელურად, კურორტის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. პირველი პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 15.4 კილომეტრი წყალმომარაგებისა და 18 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ხოლო მეორე პროექტის ფარგლებში – 19.3 კილომეტრი წყალმომარაგებისა და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოები მოსახლეობისა და ტურისტებისთვის დროებით დისკომფორტს ქმნის, თუმცა მათი დასრულება ბაკურიანის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია. მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება დაზიანებული ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა.
პროექტების დასრულების შემდეგ ბაკურიანის 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით ისარგებლებს. პროექტების ჯამური ღირებულება 140 მილიონ ლარს აღემატება და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.