ახალციხის მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადების ზრდა ფიქსირდება.  მუნიციპალიტეტის მერის, ვარლამ წიკლაურის განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ახალციხის ციხეს 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, საიდანაც 25 ათასზე მეტი უცხოელი ტურისტია.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა როგორც ვიზიტორების რაოდენობის, ისე შემოსავლების მიმართულებით.

ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. გასული წელი საკმაოდ პოზიტიური შედეგებით დავასრულეთ და მიმდინარე წელიც საკმაოდ აქტიური გვაქვს. არაერთი ღირსშესანიშნაობა გვაქვს და ამ მხრივ გამორჩეულია ჩვენი მესხეთი. მუნიციპალიტეტის მთავარი სავიზიტო ბარათები გახლავთ ახალციხის ციხე, საფარის მონასტერი, აწყურის ციხე, ღვთისმშობლის ტაძარი, აგარების მამათა მონასტერი და სხვა.

ჩვენ ახალციხის ციხეზე მოსული ვიზიტორების რაოდენობით ვსაზღვრავთ ხოლმე მესხეთს რამდენი ადამიანი სტუმრობდა. საკმაოდ პოზიტიური შედეგი გვაქვს. იანვრიდან დღემდე ახალციხის ციხეს უკვე ჰყავდა 65 000-ზე მეტი ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რამდენიმე პროცენტით მეტია. შემოსავლების კუთხით - 6%-იანი ზრდა გვიფიქსირდება.

რაც შეეხება გასული წლის სრულ მონაცემებს - ახალციხის ციხეს ჯამში 2025 წელს 136 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. ტრადიციულად, ახალციხის ციხე ტურისტულ სეზონზე კულტურული ღონისძიებებით ყოველთვის დატვირთულია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალციხემ წელს პირველად უმასპინძლა გემოფესტს“, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში, ფაქტობრივად ყველა სასტუმრო 100%-ით დატვირთული იყო. მხოლოდ აღნიშნულ 2 დღეში ახალციხის ციხეს 5 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია.

ასევე, ტურისტულ სეზონს ემთხვევა ხოლმე ის ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ. წელს საკმაოდ მასშტაბურად აღვნიშნეთ შალვა ახალციხელის ხსენების დღე და დავაწესეთ ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც მომდევნო წელს მასშტაბურ სახეს მიიღებს. მუნიციპალიტეტს სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები. მათ შორის, ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. როგორც გითხარით, ახალციხის ციხეს 6 თვის მონაცემებით, 65 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, საიდანაც 25 000-ზე მეტი უცხოელი იყო, - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

მანვე აღნიშნა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის კულტურული ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"