უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა უკრაინელი ჯარისკაცი, რომელმაც თვითმფრინავში ადგილი ფეხის პროთეზის გამო ვერ დაიკავა, მგზავრთა სიიდან ამოიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თელ-ავივი-ვარშავის რეისზე მოხდა. ომის ვეტერანი სავარძელში ამპუტირებულ ფეხზე დამაგრებული პროთეზის გამო ვერ დაჯდა.
სტიუარდესამ აეროპორტის პერსონალისგან ითხოვა დახმარება და მგზავრს დალოდებას სთხოვა. უკრაინელი ჯარისკაცი ამტკიცებდა, რომ ოჯახთან მიემგზავრებოდა და აუცილებლად უნდა გაფრენილიყო. საბოლოოდ, ინციდენტი იმით ამოიწურა, რომ ის მგზავრთა სიიდან ამოიღეს და ბორტი დაატოვებინეს.
მოგვიანებით Wizz Air-მა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა და ბოდიში მოიხადა. ავიაკომპანიამ ასევე განმარტა, რომ თუ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მგზავრის სიცოცხლეს ფრენისას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, პერსონალი ვალდებულია მას თვითმფრინავში ჩაჯდომაზე უარი უთხრას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შესახებ ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ. უწყება ვეტერანს სთხოვს ისრაელში უკრაინის საელჩოს დაუკავშირდეს.