Japan Airlines მგზავრებს იაპონიაში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, ბარგის წონის შესამცირებლად, ტანსაცმლის დაქირავების სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
გამოცემის თანახმად, გარდერობის დაქირავება ორი კვირით არის შესაძლებელი და მოგზაურებს შეუძლიათ დანიშნულების მიხედვით აირჩიონ ტანსაცმლის ტიპი, ზომა და ფერი. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ წინასწარ მიუთითონ იაპონიაში მოგზაურობის მიზანი, რათა ტანსაცმელი მათ სურვილს შეესაბამებოდეს.
გასაქირავებელი გარდერობი მაღაზიებში დარჩენილი გასაყიდი სამოსით და მეორეული ტანსაცმლით შეივსება.
ტანსაცმელი მგზავრებს სასტუმროში ან იმ ბინაში გადაეცემათ, სადაც გაჩერდებიან. მოგზაურის გაფრენის შემდეგ ტანსაცმელი შეგროვდება, გაირეცხება და გადასამუშავებლად გაიგზავნება.
ავიაკომპანია 13 თვის განმავლობაში შეაგროვებს მონაცემებს სერვისზე მოთხოვნის შესახებ და დაადგენს თუ რამდენად შეუწყო ხელი მან მგზავრების ჩემოდნების წონის შემცირებას.
მას შემდეგ, რაც იაპონიამ კოვიდ შეზღუდვები გააუქმა, ქვეყანაში ტურიზმის ბუმია. მხოლოდ მაისში იაპონიას თითქმის 1,9 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 1200%-ით მეტია.