მომხმარებლების მრავალწლიანი საჩივრების შემდეგ, Airbnb საცხოვრებლის დაქირავების წესებს ცვლის.
20 ნოემბრიდან პლატფორმაზე გაფორმებულ ჯავშნებზე მასპინძლებს აღარ შეეძლებათ, სტუმრებს ისეთი შრომატევადი საოჯახო საქმეების შესრულება მოსთხოვონ, როგორიცაა საწოლის თეთრეულის მოხსნა, ჭურჭლის გარეცხვა და ნაგვის საცხოვრებლიდან გატანა. შეზღუდვა ვრცელდება იმ დავალებებზე, რომელთა შესრულებასაც მნიშვნელოვანი დრო ან ძალისხმევა სჭირდება და რომლებიც, ჩვეულებრივ, დამლაგებლის მოვალეობაა.
სტუმრებს კვლავ შეიძლება სთხოვონ გამოყენებული ჭურჭლის ნიჟარაში მოთავსება ან პირსახოცების შეგროვება.
Airbnb-ის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მომხმარებლების უკმაყოფილება, რადგან მათ ხშირად უწევდათ დალაგების საფასურის გადახდაც და გასვლის წინ დასუფთავებაც. ახალი წესებით, მასპინძლების მოთხოვნები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რათა სტუმრებს დაჯავშნის შემდეგ მოულოდნელი ვალდებულებები არ გაუჩნდეთ.