საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 114 374 ადამიანი წავიდა, ხოლო ქვეყანაში 131 501 პირი შემოვიდა. შესაბამისად, მიგრაციულმა სალდომ 17 127 შეადგინა, იმიგრანტების რაოდენობა კი ემიგრანტების მაჩვენებელს 15%-ით აღემატებოდა.
საქსტატის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ემიგრანტების 51,4% საქართველოს მოქალაქე იყო. მათი რაოდენობა 58 799-ს შეადგენდა.
ქვეყნიდან წასულთა უმრავლესობა კაცია — 68 152 ადამიანი, რაც ემიგრანტების საერთო რაოდენობის 59,6%-ია. ქალების რაოდენობამ 46 222 შეადგინა, ანუ 40,4%.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი 20-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. ამ ასაკის ემიგრანტების რაოდენობა 31 828 იყო, რაც საერთო მაჩვენებლის 27,8%-ს შეადგენს. მათ შორის, 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში 14 723 ადამიანი იყო, 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი — 17 105.
ბოლო ათწლეულის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 19,2%-ით, ანუ 18 409 ადამიანით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანა 245 064 ადამიანმა დატოვა.
2025 წელს ემიგრანტების რაოდენობა 2023 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 53,3%-ით, ანუ 130 690 ადამიანით ნაკლები იყო.
რაც შეეხება იმიგრაციას, 2025 წელს საქართველოში შემოსული 131 501 ადამიანიდან საქართველოს მოქალაქე 65 436 იყო.
საქსტატის დირექტორის მოადგილის, პაატა შავიშვილის განცხადებით, მიგრაციისთვის ყველაზე აქტიური ასაკობრივი ჯგუფი 20-29 წელია. მისივე განმარტებით, სტატისტიკური მონაცემები მიგრაციის მიზეზებს არ ასახავს და სამსახური პროცესებს რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით აფასებს.
დემოგრაფის, მზია შელიას შეფასებით, შრომისუნარიანი და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის ემიგრაცია ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აისახება. მისი თქმით, ამ პროცესმა შესაძლოა შობადობის შემცირებასა და მოსახლეობის დაბერებას შეუწყოს ხელი.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა, ხოლო 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 6 452-ით გადააჭარბა.
ამასთან, 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მისაღებად 15 295 განაცხადი წარადგინეს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, მათგან 12 788 პირველადი განაცხადი იყო.