საჰარაში „თერმული აფეთქების“ გამო, უახლოეს დღეებში, ევროპის სამხრეთ ნაწილში სიცხე გაძლიერდება - იტალიურ სარდინიაში ის რეკორდულ 50 გრადუს ცელსიუსამდე შეიძლება გაიზარდოს. ამის შესახებ Bloomberg მეტეოროლოგიურ სადგურებზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროპაში ტემპერატურის ამჟამინდელი რეკორდი სულ რაღაც ორი წლის წინ დაფიქსირდა (48 გრადუსი ცელსიუსი სიცილიაში). თუმცა, სიცხის ახალი ტალღა, ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესების გამო, შესაძლოა გაცილებით ძლიერი იყოს.
ამჟამად უჩვეულოდ ცხელი ტემპერატურა შენარჩუნებულია ათენში, რომსა და მადრიდში. სამხრეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოსახლეობის გაფრთხილება სიცხის გამო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში მოსალოდნელი შესაძლო ხანძრებისა და ინციდენტების შესახებ - აღნიშნავს Bloomberg.
სამხრეთ ევროპის ქვეყნების გარდა, სიცხე გაძლიერდება ევროპის ცენტრალურ ნაწილში. 16 ივლისს გერმანიის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში უახლოეს დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს. ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები ასევე შენარჩუნებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, განსაკუთრებით კანადასა და შეერთებულ შტატებში.
მიმდინარე წლის ზაფხულში მსოფლიოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. მაგალითად, ივლისში, პლანეტაზე ტემპერატურამ საშუალო ისტორიულ მაქსიმუმს უკვე სამჯერ გადააჭარბა. აშშ-ის გარემოსდაცვითი პროგნოზირების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 7 ივლისს მაქსიმალურ საშუალო ტემპერატურაზე 17,23 გრადუსი ცელსიუსით მეტი სიცხე დაფიქსირდა. წლევანდელი მაღალი ტემპერატურა სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებულია ელ-ნინიოთი - ეკვატორული წყნარი ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურის ცვალებადობით.