ევროპელებს საკვების ნარჩენების მესამედით შემცირება მოუწევთ. ამას ითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც საკვებისა და ტექსტილის გადამუშავების ახალი ზომები დამტკიცდა. კერძოდ, ევროპის კვების მრეწველობამ 2030 წლისთვის საკვები ნარჩენი 10%-ით, ხოლო ოჯახებმა, რესტორნებმა და მაღაზიებმა 30%-ით უნდა შეამცირონ. ამჟამად საშუალო ევროპელი ყოველწლიურად 132 კილოგრამ საკვებსა და 12 კილოგრამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყრის.

ევროპარლამენტის რეკომენდაციის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა ზომები იმის უზრუნველსაყოფად უნდა მიიღონ, რომ სასურსათო მაღაზიებმა და რესტორნებმა გაჭირვებულთათვის გაუყიდავი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი საკვების უფასო დარიგება დააორგანიზონ.

რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენს, ტანსაცმლის მწარმოებლები შეგროვების, დახარისხებისა და გადამუშავების ხარჯზე იქნებიან პასუხისმგებელი. ახალი რეგულაციები გავრცელდება ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თავსაბურავებზე, ფეხსაცმელზე, საბნებზე, საწოლისა და სამზარეულოს თეთრეულსა და ფარდებზე. ექსპერტების შეფასებით, ამჟამად ახალ პროდუქტებად ტექსტილის 1%-ზე ნაკლები გადამუშავდება.

კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე წლით ადრე კი, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები ნარჩენების შემცირებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. მოსახლეობის თითქმის, ნახევარი, ანუ 47% გაყინული საკვები პროდუქტების ყიდვას, მათ შორის, ეკოლოგიური მიზეზების გამო ამჯობინებს.

ამის შესახებ ევროპაში გაყინული პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, Nomad Foods-ის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის მონაცემებით, რეგიონში ყოველწლიურად, თითქმის, 59 მლნ ტონა საკვები ნარჩენი წარმოიქმნება. ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა გაყინული თევზის, ხორცის, ფრინველის, ზღვის პროდუქტებისა და ხილბოსტნეულის გამოყენებაა.

საკვები ნარჩენი არა მხოლოდ საკვების, არამედ მის წარმოებისა და ტრანსპორტირებისას გამოყენებული რესურსის გაფლანგვაა. მათ შორის არის საწვავი, წყალი, მიწა, მუშახელი, სასუქი და შეფუთვა. ამასთან, როცა საკვები ნაგავსაყრელებზე იშლება, ის მეთანს, გაზს გამოყოფს, რომლის წილიც სითბური გაზების გამოყოფაში, დაახლოებით, ერთ-მესამედს შეადგენს. საშუალოდ, მხოლოდ ერთ ქვეყანაში საკვებმა ნარჩენმა შესაძლოა, წლიურად 18 მლნ ტონამდე სითბური გაზი გამოყოს.

Nomad Foods-ის შეფასებით, გაყინვის გზით საკვები პროდუქტების შენახვის ვადის გახანგრძლივება ნარჩენსა და მასთან დაკავშირებულ მეთანის გამოყოფას ამცირებს.

კვლევის თანამხად, რომელშიც 7500 ევროპელი მონაწილეობდა, გარემოსდაცვითი მიზეზების გამო გაყინულ პროდუქციას იტალიის მოსახლეობის 50%, გერმანიაში 44%, შვედეთში 43%, ხოლო საფრანგეთში 40% ირჩევს.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ საყინულე ტემპერატურის მხოლოდ 3 გრადუსით გაზრდამ შესაძლოა, მაცივრის ენერგიის მოხმარება 10%-ით ისე შეამციროს, რომ საკვების ხარისხზე გავლენა არ მოახდინოს.

bpn.ge