სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის განცხადებით, „ძალიან შემაშფოთებელია“ ის ფაქტი, რომ ირლანდიაში წარმოებული პროდუქტი, „რუსულ სამხედრო მანქანას“, შესაძლოა, ირიბად ეხმარება, რის გამოც მისი გაყიდვა უნდა აიკრძალოს.
აღნიშნული კომენტარი მოჰყვა „აირიშ თაიმსის“ რეპორტაჟს, რომელმაც ირლანდიური წარმოების ალუმინის ოქსიდსა (Al2O3 - თეთრი კრისტალური ნაერთი, რომელიც ალუმინის დასამზადებლად გამოიყენება) და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სამხედრო კამპანიას შორის კავშირები გამოავლინა.
გაჟონილი ფინანსური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ლიმერიკის საგრაფოში არსებული ალუმინის ქარხანა დიდი რაოდენობით ალუმინის ფხვნილს აგზავნის რუსეთის სადნობ-გადამამუშავებელ საამქროებში, ხოლო ამ პროდუქტისგან დამზადებული ალუმინი შემდგომში რუსეთის ათობით იარაღის მწარმოებელ კომპანიაზე იყიდება.
ირლანდიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ მკაცრად იცავს ევროკავშირის ყველა კანონს, მათ შორის - სანქციებს, ექსპორტის კონტროლსა და სავაჭრო რეგულაციებს. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას ირლანდიის მთავრობამ ამ საკითხზე ორი მოკვლევა დაიწყო.
„ჩვენ განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ როგორც ალუმინის ოქსიდი, ისე ალუმინი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საბაზისო სასაქონლო პროდუქტია, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებრივ საჭიროებებს ემსახურება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უამრავი სამოქალაქო ინდუსტრიისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ირლანდიურმა კომპანიამ განაცხადა, რომ მკაცრად იცავს ევროკავშირის ყველა კანონს, მათ შორის - სანქციებს, ექსპორტის კონტროლსა და სავაჭრო რეგულაციებს
ირლანდიის ტელე-რადიო მაუწყებლის (RTÉ) გადაცემა This Week-ში საუბრისას, ო'სალივანმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციით „გაოცებული“ და „შეშფოთებულია“ და აღნიშნულ საკითხს ევროკომისია ყურადღებით სწავლობს.
მისივე თქმით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, კომპანიას მოუწევს გამოსავლის პოვნა და იმის გარანტიის გაცემა, რომ ეს აღარ განმეორდება. „მათ აღარ უნდა მიჰყიდონ პროდუქცია ამ პროცესში ჩართულ პირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დაგვჭირდეს იმის გადახედვა, ხომ არ უნდა დაწესდეს სანქციები თავად პროდუქტზე“, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ო'სალივანმა დასძინა, რომ ის ენდობა კომპანიის განცხადებას: „არ მიმაჩნია სწორედ, რომ ვინმემ კომპანია, მით უმეტეს მისი თანამშრომლები, სანქციებისთვის განზრახ გვერდის ავლაში დაადანაშაულოს. ალუმინის ოქსიდი სანქცირებული პროდუქტების სიაში არ არის შეტანილი“.
ამასთან, არსებობდა „დაშვება“, რომ პროდუქტი მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
მისივე თქმით, ახლა უკვე „პრობლემა შეგვექმნა“, რადგან არსებობს „მაღალი რისკი“, რომ ეს პროდუქტი იარაღის წარმოებისთვის იყოს გამოყენებული.
„მიმაჩნია, რომ კომპანიამ უნდა ჩაატაროს რევიზია. ყველა კომპანიის პასუხისმგებლობაა, გამოიჩინოს სათანადო სიფრთხილე და დარწმუნდეს, რომ მათი პროდუქცია რუსულ სამხედრო მანქანის მიერ არ გამოიყენება“, - დასძინა მან.
ო'სალივანი ვარაუდობს, რომ ლიმერიკის ალუმინის ქარხანას, შესაძლოა, ბიზნესის დივერსიფიკაცია მოუწიოს და მოსკოვთან ვეღარ ითანამშრომლოს: „ეს ასევე ეხება ევროკავშირის ბევრ სხვა კომპანიას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ბიზნესი ჰქონდათ რუსეთში, რომლებიც სანქციებით აიკრძალა“.
„მესმის და თანაგრძნობას გამოვხატავ ამ კონკრეტული ქარხნის ეკონომიკური ინტერესების მიმართ. თუმცა, მეორე მხრივ, ამ მომენტისთვის პრიორიტეტია იმის უზრუნველყოფა, რომ ხელი არ შევუწყოთ რუსული სამხედრო მანქანის გამართულად მუშაობას“.
ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ევროკავშირის სანქციებზე საუბრისას, ო'სალივანმა აღნიშნა, რომ ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომით გამოწვეული „ნავთობის ფასების კატასტროფული ზრდა“ არის „საჩუქარი რუსეთის ეკონომიკისთვის და პირადად, ბატონი პუტინისთვის“.
„მანამდე, 1 ბარელი ნავთობის ფასი 60 დოლარზე ნაკლები იყო, ახლა კი 100 დოლარს ბევრად აღემატება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს. ეს არ არის ის, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვჭირდება, როდესაც რუსეთზე მართლაც ძლიერ ეკონომიკურ ზეწოლას ვახორციელებთ“.

დევიდ ო'სალივანი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესრულებაზეა პასუხისმგებელი
ო'სალივანის განცხადებით, ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტზე ცდილობდა შეთანხმებას, თუმცა, „სამწუხაროდ“, ამ პროცესს უნგრეთის პრეტენზიები აფერხებს.
„საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების დასრულებას უნდა დაველოდოთ, რომელიც 12 აპრილს ტარდება“.
ირლანდიის სამხედრო-საზღვაო ძალები
ო'სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ის კვლავ ეთანხმება გასული წლის ზაფხულში მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ირლანდიის სამხედრო-საზღვაო სამსახური არ არის სათანადოდ აღჭურვილი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სამოქმედოდ, რომელსაც სანქცირებული ნავთობი არალეგალურად გადააქვს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ირლანდიის თავდაცვის ძალები, კერძოდ კი საზღვაო სამსახურის სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ხომალდების, ისე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ეს არის პრობლემა, რომელსაც მრავალი წლის წინანდელი, ღრმა ფესვები აქვს და მყისიერად ვერ გადაწყდება“.
ირლანდიის მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მოახლოებულ ექვსთვიან ვადაზე საუბრისას, რომელიც ივლისში იწყება, ო'სალივანმა თქვა: „ჩვენ მოგვიწევს, დახმარება ვთხოვოთ სხვებს, კერძოდ ფრანგებს, რადგან ამ ეტაპზე ირლანდიას, უბრალოდ, არ გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობები მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად“.
წყარო: 1 არხი