თერაპია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სისხლისა და კანის კიბოს მკურნალობის მეთოდებში, შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. კანის კიბოს ყველაზე მძიმე ფორმის მქონე თაგვებში, კიბოს უჯრედების გამკვრივებამ იმუნოთერაპიის ეფექტები გააძლიერა იმ შემთხვევებში, როცა იმუნურ სისტემაზე მანიპულირებდნენ, რათა მას სიმსივნე გაენადგურებინა. შთამბეჭდავმა შედეგებმა მეცნიერებს გაუჩინა იმედი, რომ ასეთივე მიდგომამ შეიძლება გააუმჯობესოს გადარჩენის მაჩვენებელი ადამიანებში, რომლებიც ისეთი იმუნოთერაპიებით მკურნალობენ, როგორიცაა ანტიგენის ქიმერული რეცეპტორებით (CAR T-cells) თერაპია.
„სრულიად ახალი კონცეფციაა. ის სამედიცინო პრობლემას ნამდვილად უმკლავდება ფიზიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან პერსპექტიულია“, — ამბობს ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მკვლევარი ი სუი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ხშირად, კიბოს უჯრედები უფრო რბილია, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები. ეს კი შეიძლება პრობლემა იყოს, რადგან T-ლიმფოციტებს (T-უჯრედები) — იმუნური სისტემის ნაწილს, რომელსაც სიმსივნის განადგურების პოტენციალი აქვს — შეუძლიათ შეიგრძნონ მათი შემოგარენის სიმკვრივე.
„ძლიერ გვაინტერესებდა, ეხმარებოდა თუ არა სირბილე კიბოს უჯრედებს იმუნური სისტემისგან დამალვაში და რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა T-ლიმფოციტების მექანიკურ მგრძნობელობას კიბოსადმი მათ რეაგირებაზე“, — ამბობს შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ლი ტანგი, რომელმაც კვლევის შედეგები 11 მაისს წარმოადგინა ლონდონში გამართულ კონფერენციაზე.
ამ საკითხის შესასწავლად, მკვლევრებმა პირველ რიგში სცადეს იმის დადგენა, რატომ არის კიბოს უჯრედები უფრო რბილი თავიანთი მემბრანებით, ანუ გარე ზედაპირით, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები. ასე დადგინდა, რომ კიბოს უჯრედები, როგორც თაგვებში, ისე ადამიანებში — უფრო რბილია, რადგან მათი მემბრანები მეტ ქოლესტერინს შეიცავს.
ამის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა 24 თაგვში კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის, მელანომას უჯრედები შეიყვანა და კიბო განავითარა მათი ერთ-ერთი ბარძაყის მიდამოებში. ცხრა დღის შემდეგ, თაგვებს ანტიგენის ქიმერული რეცეპტორები (CAR T-cells) შეუყვანეს — ისინი წინასწარ იყო გენური ინჟინერიით ისე დამუშავებული, რომ სიმსივნეები ამოეცნოთ; ეს იყო იმიტაცია იმუნოთერაპიის ფორმისა, რომელსაც CAR T-cell თერაპია ეწოდება და რომელიც დამტკიცებულია ისეთი კიბოების სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და B-უჯრედოვანი ლიმფომა.
თაგვებმა ასევე მიიღეს IL-15-ის სამი ინფუზია — ცილის, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში აძლიერებს სიმსივნე-სპეციფიკური T-ლიმფოციტების კიბოს განადგურების უნარს.
რაც მთავარია, თაგვების მხოლოდ ნახევარს ჩაუტარდა მესამე მკურნალობა, რომელშიც მეთილის β-ციკლოდექსტრინი (meβCD) — ნაერთი, რომელიც უჯრედის მემბრანებში ქოლესტერინის დონეს ამცირებს — პირდაპირ სიმსივნეებში შეუყვანეს. ამ თერაპიას ყოველდღიურად უტარებდნენ, კიბოს უჯრედების შეყვანიდან მე-9 დღიდან მე-18 დღემდე. დანარჩენ თაგვებს უბრალოდ ფიზიოლოგიური ხსნარის ინექციებს უკეთებდნენ.
ერთი თვის შემდეგ, ყველა ის თაგვი, რომლებსაც meβCD თერაპია არ ჰქონდათ ჩატარებული, სწრაფად მზარდი სიმსივნის გამო მოკვდა. სამაგიეროდ, მხოლოდ შვიდი თაგვი მოკვდა meβCD ჯგუფში, ხუთს კი სიმსივნე სრულად გაუქრა.
„რიცხვები დიდებულია, ძალიან შთამბეჭდავი“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლენს კამი.
შემდგომი ანალიზი მიუთითებს, რომ სიმსივნური უჯრედების გამკვრივებით, meβCD დაეხმარა სიმსივნე-სპეციფიკურ T-ლიმფოციტებს, რომ უფრო ძლიერად მიმაგრებოდნენ სიმსივნურ უჯრედებზე. ამის შემდეგ, T-ლიმფოციტებმა თავიანთ სამიზნემდე უფრო ეფექტიანად მიიტანეს ტოქსიკური მოლეკულები, როგორიცაა პერფორინი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებში ხვრელებს აკეთებს და ამ გზით ანადგურებს.
ტანგის განცხადებით, მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ მიდგომას თაგვებში უფრო მეტი სახის კიბოზე დატესტავენ. ამის შემდეგ, ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველთვის არის ცდების ადამიანებზე გაგრძელება. იმ წამლებიდან, რომლებმაც თაგვებში წარმატებით ამოიღო მიზანში იმუნური ცილები — ძალიან ცოტამ იმუშავა ადამიანებში, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის განსხვავება მათ იმუნურ სისტემებში. მაგრამ კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლენს კამი ამბობს, რომ პრეპარატებს, რომლებიც კიბოს უჯრედების სიმკვრივეს ცვლიან, შეიძლება უკეთესი შანსი ჰქონდეთ, რადგან კიბოს უჯრედები ძირითადად უფრო რბილია როგორც ადამიანებში, ისე თაგვებში.
მკვლევრები ასევე მუშაობენ meβCD თერაპიის მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების შექმნაზე, რომელთა შეყვანა ერთი ინექციით იქნება შესაძლებელი.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.