საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს იტალიელი დოკუმენტალისტების გადამღები ჯგუფი ესტუმრა.
მედიატური იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია Gambero Rosso TV-ისთვის საქართველოს შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ.
Gambero Rosso TV იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიაა მოგზაურობისა და კულინარიის მიმართულებით. ფილმში საქართველოს ტურისტული ადგილები, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იქნება ნაჩვენები.
„იტალიერი დოკუმენტალიტები 1 საათიან ფილმს ამზადებენ საქართველოს შესახებ. ისინი საქართველოში მოგზაურობდნენ და იღებდნენ ქართულ ავთენტურ გარემოს, კულტურას, გასტრონომიასა და იუნესკოს ძეგლებს, საბოლოო ჯამში მოამზადებენ ფილმს, რომელიც იტალიური მედიით გაშუქდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი იტალიაში საქართველოს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით შედგა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი მედიაპროექტები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას სხვადასხვა ქვეყნებში. აღნიშნული ტელეგადაცემა მაღალი სანდოობით სარგებლობს და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მოგზაური ამ გადაცემას, როგორც სახელმძღვანელოს, ისე მიიღებს და აუცილებლად აირჩევს საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, სადაც უნდა იმოგზაუროს,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა “მაია ომიაძემ.
გადაღებები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, ალავერდში, ატენში, უფლისციხეში, ჭიათურაში, კაცხის სვეტთან, შაორის წყალსაცავზე, ამბროლაურში, ვარძიასა და სხვა ტურისულად საინტერესო ადგილებში მიმდინარეობდა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს