"მიუხედავად უამინდობისა უკვე შეინიშნება ტურისტული ნაკადების ზრდა. ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა რამდენიმე სასტუმროსთან, რომლებიც ივნისი-ივლისის თვეში მინიმუმ 70%-იან დატვირთულობას ელოდებიან. ვფიქრობთ, რომ ასე გაგრძელდება აგვისტოს თვეშიც, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შიდა ტურიზმის აქტიური სეზონი ჯერ არ დაწყებულა და მიმდინარე პერიოდში რეგიონში ვიზიტორების ძირითად ნაწილს უცხოელები წარმოადგენენ.
"მესტიის მუნიციპალიტეტში უფრო და უფრო ემატება საოჯახო ტიპის სასტუმროები და კოტეჯები. შესაბამისად, კონკურენცია ამ კუთხით იზრდება. გარდა ამისა, აშკარად ხდება მომსახურებისა და სერვისის გაუმჯობესება.
ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მათ შორის, წელს 30 კმ-იანი გზა განახლდება და აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას გადაადგილება შეფერხებული არ იქნება. ძალიან ორგანიზებულად იგება გზა. გარდა ამისა, 3-4 დღეში გაიხსნება უშგული-ქვემო სვანეთი- ლენტეხის მიმართულებით გზა, ძალიან ბევრი ზვავია ჩამოწოლილი და გადაადგილებისთვის ეს გზაც ხელმისაწვდომი იქნება.
რაც შეეხება ახალ აეროპორტს - აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს, თუმცა სიახლე არ არის. პატარა თვითმფრინავით ფრენების დამატებას აზრი თითქმის არ აქვს, რადგან აღნიშნული უამინდობის დროს ვერ დაფრინავს, მაგრამ მაინც სწრაფი გადაადგილებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა", - აცხადებს კახა ჟორჟოლიანი.