51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს, - ინფორმაციას Saarbruecken Zeitung-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის წინადადებას დღეს ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოზე გაიტანენ. მერი დაძმობილებულ ქალაქ თბილისთან ყველა კონტაქტის შემდგომ შეტყობინებამდე შეჩერების რეკომენდაციას იძლევა.
გამოცემა წერს, რომ ამ რადიკალურ ნაბიჯს მყარი მიზეზები აქვს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.
„დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ რატომ მივიდა მერია იმ დასკვნამდე, რომ სურს, და როგორც ჩანს, ვალდებულია, სიგნალი გააგზავნოს - ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების გაცვლის ხელშეწყობის შეჩერების“ გარეშე“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ზაარბრიუკენის მერიის შეფასებით, საქართველოში „ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ, აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს, დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ, ოპოზიციის სულ უფრო მეტი წევრის დაპატიმრება ხდეა, მუდმივად მოქმედებს ახალი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას“.
გარდა ამისა, ქალაქის მერიის შეფასებაში ნათქვამია, რომ წესების უმცირესი დარღვევებისთვისაც კი სულ უფრო მკაცრი სასჯელები წესდება.
„მიუხედავად იმისა, რომ თვეების წინ უბრალოდ დემონსტრაციაში მონაწილეობა, თუნდაც ისეთში, რომელიც მოძრაობას აფერხებდა, პრობლემას არ წარმოადგენდა, გზაზე დგომის დანაშაული თანდათანობით მცირე დარღვევიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი სისხლის სამართლის ქმედებად გადაიქცა. ქვეყანა ერთპარტიული სახელმწიფოს, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ მიექანება“, - აღნიშნულია შეფასებაში.
გამოცემა წერს, რომ თბილისის მერი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს, არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, არამედ მისი გენერალური მდივანიც.
„ამგვარად, კახა კალაძე მხარს უჭერს და იზიარებს პასუხისმგებლობას მოვლენების მთელ ამ განვითარებაზე. ამიტომ, ზაარბრიუკენის მერიის განმარტებით, მათ გასულ წელს, როდესაც ქალაქთან პარტნიორობის 50 წლის იუბილე უნდა აღენიშნათ, გადაწყვიტეს დაგეგმილი ცერემონიის გაუქმება და ამის ნაცვლად მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ეს კალაძის მოწვევის გაუქმების ტოლფასი იყო. მას შემდეგ ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა.
მერს სურს, საქალაქო საბჭომ დაადასტუროს, რომ ეს არის სწორი გზა თბილისის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. თავად ქალაქთან პარტნიორობა უნდა შენარჩუნდეს. ამავდროულად, ორივე ქალაქის მოსახლეობას შორის ურთიერთობების ფინანსური მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს „პარტნიორობის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად“, მაგრამ ყველა ოფიციალური კონტაქტი უნდა შეჩერდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Saarbruecken Zeitung-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მერს შეუძლია ელოდოს, რომ ამ მიდგომას ფართო უმრავლესობა დაუჭერს მხარს.