უგანდის მთავრობამ ხელის ჩამორთმევასა და ჩახუტებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა მას შემდეგ, რაც ებოლას ვირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორივე შემთხვევა დაკავშირებულია მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ აფეთქებასთან. ერთ-ერთი დაავადებული, 59 წლის კაცი, გარდაიცვალა. მეორე პაციენტი იზოლაციაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ორივე პაციენტი კონგოდან ჩამოსული პირია.
ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ხელისუფლებამ კარანტინში უკვე 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსა. ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას ასევე მოუწოდა, უფრო ხშირად დაიბანონ ხელები საპნით, გამოიყენონ ანტისეპტიკები და დაუყოვნებლივ შეატყობინონ სიმპტომების შესახებ, რომელთა შორისაა სიცხე, ღებინება და სისხლდენა.
ცნობისთვის, 17 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოსა და უგანდაში ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციად აღიარა. ამ დროისთვის კონგოში ცხელებით გარდაცვალების 131 ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაავადებაზე ეჭვი კიდევ 513 ადამიანზე აქვს.