კატალონიის პოლიციამ 2024 წლის დეკემბერში ბიზნესმენის გარდაცვალების გამოძიების ფარგლებში დააკავა ჯონათან ანდიჩი, Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიჩის ვაჟი. მილიარდერის გარდაცვალება თავდაპირველად კლდიდან გადმოვარდნის შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევად იქნა მიჩნეული, თუმცა საქმე მოგვიანებით მკვლელობად გადაკვალიფიცირდა, იტყობინება BBC.

ჯონათან ანდიჩის ოჯახმა დაადასტურა მისი დაკავება. ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი ჩვენებას აძლევს 2024 წლის 14 დეკემბრის მოვლენებზე და აგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

El Pais იუწყება, რომ ბარსელონას სასამართლომ მოგვიანებით ჯონათან ანდიჩი 1 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლომ ასევე დაავალა მას ყოველკვირეული გამოცხადება, პასპორტის ჩაბარება და ესპანეთის დატოვება აუკრძალა.

რატომ გაიხსნა საქმე ხელახლა

ისაკ ანდიკი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში ლაშქრობისას. იმ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ვაჟი. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი 100 მეტრზე მეტი სიმაღლიდან, ბილიკის საშუალო სირთულის მონაკვეთზე დაეცა.

ტრაგედიისთანავე პოლიციამ ეს უბედურ შემთხვევად მიიჩნია და 2025 წლის იანვარში გამოძიება ოფიციალურად დაიხურა.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ საქმე ხელახლა გაიხსნა. 2025 წლის შემოდგომაზე გამომძიებლებმა ანდიკის გარდაცვალება მკვლელობად გადააკვალიფიცირეს. ესპანური მედიის ცნობით, ეს გამოწვეული იყო ჯონათან ანდიკის ჩვენებაში არსებული შეუსაბამობებით, რაც თავდაპირველად მამის გარდაცვალების შემდეგ სტრესს მიეწერებოდა.

El Pais-მა ასევე განაცხადა, რომ ჯონათან ანდიკი ლაშქრობამდე რამდენიმე დღით ადრე იმ ადგილს ეწვია, სადაც ტრაგედია მოგვიანებით მოხდა. ბიზნესმენის ადვოკატებმა ეს ოჯახური მოგზაურობისთვის მზადებას მიაწერეს.

გარდა ამისა, გამოძიების დროს მამა-შვილის ურთიერთობა წინა პლანზე წამოიწია. ესპანელი ჟურნალისტების თქმით, მათ შორის უთანხმოება იყო ჯონათანის კომპანიაში თანამდებობასთან დაკავშირებით. 

ესპანურმა მედიამ ასევე აღნიშნა, რომ ისაკ ანდიკი გამოცდილ მოლაშქრედ ითვლებოდა და თან არსებული მარშრუტი განსაკუთრებით საშიშად არ ითვლებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გამოძიება საქმის ხელახლა გახსნას უბიძგა.

თავად ჯონათან ანდიკი, გამოძიების დასაწყისიდანვე უარყოფდა მამის გარდაცვალებაში მონაწილეობას.

მანგოს იმპერია

ჯონათან ანდიკი მანგოს დამფუძნებლის სამი შვილიდან უფროსია. მისმა მამამ, სტამბოლში დაბადებულმა ისაკ ანდიკმა, ბრენდის პირველი მაღაზია ბარსელონაში 1984 წელს გახსნა. გარდაცვალების დროს Forbes-მა მისი წმინდა ქონება 4,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2025 წელს Mango-ს ქსელის შემოსავალმა კი დაახლოებით 3.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ჯონათანი ოჯახურ ბიზნესს 2005 წელს შეუერთდა და თანდათანობით კომპანიის მენეჯმენტის ნაწილი გახდა, ბოლოს კი დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

2012 წელს ისაკ ანდიჩი კომპანიის მართვის შვილისთვის გადაცემას გეგმავდა და მისი მოვალეობების გაფართოება დაიწყო. ორი წლის შემდეგ, Mango-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ჯონათანი ფაქტობრივად აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

თუმცა, 2010-იანი წლების შუა პერიოდში მოგების შემცირებისა და გაყიდვების შენელების ფონზე, სიტუაცია შეიცვალა. 2015 წელს Mango-მ ახალი ფინანსური დირექტორი, ტონი რუისი დაიქირავა, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2020 წელს ჯონათანისგან დაიკავა. ამის შემდეგ, ჯონათან ანდიჩი Mango Man-ის მამაკაცთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2025 წლის ივნისში კომპანიამ ის ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა და მხოლოდ დირექტორთა საბჭოში შეუნარჩუნა ადგილი.

„როიტერის“ ცნობით, ისაკ ანდიკის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილებმა კომპანიის კონტროლი შეინარჩუნეს და Mango-ს 95%-ს ფლობდნენ.