ირლანდიის ტრანსპორტის მინისტრი, დარაგ ო'ბრაიენი ქვეყნის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ახალ რეგულაციებს, რომელთა მიხედვითაც, პარასკევიდან, სკრამბლერის ტიპის მოტოციკლებით მოძრაობა ყოველგვარ საზოგადოებრივ სივრცეში აიკრძალება.

ახალი საკანონმდებლო ნორმის ფარგლებში, სკრამბლერების გამოყენება მკაფიოდ განისაზღვრება, როგორც სამართალდარღვევა.

ეს ნიშნავს, რომ გარდას (პოლიციას), სკრამბლერის ჩამოსართმევად, მისი მხრიდან მომდინარე ხიფათის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის დასაბუთება აღარ დასჭირდება.

ეს რეგულაცია შეავსებს „საგზაო მოძრაობისა და გზების შესახებ“ 2023 წლის აქტის დებულებებს, რომლებიც სკრამბლერების სახიფათო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

ახალი რეგულაცია, გრეის ლინჩის ხსოვნის პატივსაცემად, „გრეისის კანონის“ სახელით იქნება ცნობილი - მიმდინარე წლის წლის იანვარში, გრეის ლინჩი ფინგლასში (დუბლინის ერთ-ერთი ჩრდილოეთ უბანი) სკრამბლერის დაჯახების შედეგად დაიღუპა.

მინისტრმა ო'ბრაიენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ახალ კანონმდებლობას გრეისის მშობლების, სიობანისა და მარტინის მხარდაჭერა აქვს.

„მე ვინარჩუნებ კონტაქტს გრეისის ოჯახთან, მის დედასა და მამასთან და გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, მათ საქმის კურსში ვაყენებ, - აღნიშნა მან, - მთელი ამ საშინელი სიტუაციის განმავლობაში, ისინი წარმოუდგენელ სიმტკიცეს იჩენენ“.

ახალ რეგულაციაზე მუშაობა, მის ლინჩის გარდაცვალების გამოძიების პარალელურად მიმდინარეობდა.

როგორც მინისტრმა ო'ბრაიენმა განმარტა, „სირთულეები სკრამბლერების დეფინიციასთან დაკავშირებითაც“ შეიქმნა.

„ირლანდიურ კანონმდებლობაში მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალების რეალური დეფინიცია არ არსებობდა“, - განაცხადა მან.

წყარო: 1 არხი