OpenAI-ის ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის (AI) მარეგულირებელი ორგანიზაციის შექმნის იდეა გააჟღერა. ნიუ-დელიში გამართულ კონფერენციაზე სემ ალტმანმა განაცხადა, რომ მსოფლიომ „სასწრაფოდ“ უნდა დაიწყოს სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების რეგულირება. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის საჯარო ხელმისაწვდომობის გამო, შესაძლოა გამოჩნდეს მოდელები, რომლებიც, მაგალითად, ახალი პათოგენების შექმნაში დაეხმარება ვინმეს, საზოგადოებამ კი უნდა მოიფიქროს, როგორ დაიცვას თავი ამისგან.
„AI-ის დემოკრატიზაცია კაცობრიობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფის საუკეთესო გზაა“, - განაცხადა OpenAI-ის ხელმძღვანელმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ამ ტექნოლოგიის კონცენტრაციამ ერთ კომპანიასა თუ ქვეყანაში, შესაძლოა კრახი გამოიწვიოს“.
ალტმანის აზრით, საჭიროა უსაფრთხოების ზომები, „ისევე, როგორც სხვა მძლავრი ტექნოლოგიების შემთხვევაში“. ამ ძალისხმევის კოორდინაციისთვის „მსოფლიოს შესაძლოა დასჭირდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მსგავსი“ ორგანო, რომელსაც ცვალებად გარემოებებზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა ექნება.